პოლიტიკა
ევროპა შავ კონტინენტს მიგრანტების დაბრუნების სანაცვლოდ ფულს სთავაზობს
მალტაში სპეციალური ორდღიანი სამიტი „ევროკაშირი–აფრიკა“ გაიხსნა, რომელიც მიგრაციის პრობლემებს ეძღვნება. ღონისძიებას აფრიკისა და ევროპის ქვეყნების 50-მდე ლიდერი ესწრება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავს, ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, აფრიკის ქვეყნებს ეკონომიკური მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდოს. ევროპული კომისია შავ კონტინენტს ფინანსურ დახმარებას, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას და სხვა უპირატესობებს სთავაზობს, იმ ზომების სანაცვლოდ, რომლებსაც აფრიკული ქვეყნები არალეგალურ მიგრანტებზე კონტროლის გასაძლიერებლად გაატარებენ. სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი მოქმედების გეგმა უნდა შეიმუშაონ და მიგრაციის პრობელემბზე განცხადება გააკეთონ. მიმდინარე წელს ევროპული ქვეყნების სანაპიროებს 800 ათასმა მიგრანტმა მიაღწია, რომელთა მეოთხედსაც სწორედ აფრიკელები წარმოადგენენ. ევროპაში მოხვედრის მცდელობისას ზღვაში 3400 ადამიანი დაიღუპა.
Print