პოლიტიკა
ბოლო ინფორმაციით, პარიზის ტერაქტში საქართველოს მოქალაქეები არ მოყოლილან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღონიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეები როგორც მსხვერპლთა, ასევე დაზარალებულთა შორის არ არიან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა. "ღმერთის წყალობით და იმედია ასე შენარჩუნდება ბოლომდე, რომ ჩვენი მოქალაქეები როგორც მსხვერპლთა, ასევე დაზარალებულთა შორის არ არიან, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ არის ექსტრაორდინალური მდგომარეობა, შეიძლება, რაღაც ინფორმაცია სრულყოფილი არ იყოს, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ამ დროისთვის, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია. მას შემდეგ რაც ყველა ინსტიტუტი სრულყოფილად ამოქმედდება, უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეებს ამჯერად არ შეეხება ეს ტრაგედია", - განაცხადა ჯალაღანიამ. გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და საფეხბურთო სტადიონს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 153 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
Print