პოლიტიკა
ტერორიზმში ბრალდებული პირი დაკავებულია
საქართველოში დაბრუნებული დავით ბორჩაშვილი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.  ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს სსსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანზიაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს", - აცხადებენ სუს-ში.  დამატებით ინფორმაციას ბორჩაშვილის საქმის შესახებ, მათ შორის იმაზე, თავდაპირველად რატომ გააბრუნეს თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სუს-ში არ ახმაურებენ. 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით გუშინ პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი  ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც.  საქართველოში დაბრუნებისას იგი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა კი დეპორტირებული  ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგ მისი დაკავება განხორციელდა.   
Print