პოლიტიკა
ზოდელავა: ზუგდიდის საკრებულოს ადამიანების პრობლემის მოგვარების პროცესი იგნორირებული აქვს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, ზუგდიდიდს საკრებულო ადამიანების პრობლემის მოგვარებაზე უარს ამბობს. ეს მან ჟურნალისტებს საკრებულოს ხმაურიანი სხდომის გადადების შემდეგ უთხრა.

ზოდელავას თქმით, მათი მიზანი დღევანდელ სხდომაზე პროვოკაციის მოწყობა არ ყოფილა და ისინი კონკრეტული პრობლემების განსახილველად მოვიდნენ.

„ადამიანების პრობლემების მოგვარება არის პროვოკაცია? რუხში ადამიანებს საძოვრებს ართმევენ. თუ ამაზე რეაგირებას არ გავაკეთებთ, მაშინ რაზე გავაკეთოთ? მათ გვთხოვეს დახმარება და ამიტომაც არიან აქ. იგივეს ვიტყვი განმუხურში გაზიფიცირების პრობლემაზე. ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც საკრებულოს იგნორირებული აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფაქტობრივად, არც ჩევნ მოვისმინა, არც ამ ხალხს და გაიქცა“, - თქვა ზოდელავამ.

საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ დღევანდელი სხდომა ხმაურის გამო რამდენიმე საათით გადადო. დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე საკრებულოს დარბაზს გარეთ დაიწყო. ენმ-ის მხარდამჭერებმა და წევრებმა გელა თოლორაიას სხდომაზე შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. მოგვიანებით, სხდომის დაწყების შემდეგ მურთაზ ზოდელავა სხვადასხვა საკითხის დაყენებას ითხოვდა. ფაცაციამ მას მოუწოდა, რომ საკითხები დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს განეხილათ, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ.

დაპირისპირება სხდომის გარეთაც გაგრძელდა.

ამავე თემაზე:

საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო გადაიდო (ვიდეო)

Print