სამართალი
კორცხელის ინციდენტზე მოწმეები დაიკითხნენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმეზე ბრალდების მხარის 8 მოწმე დაიკითხა, მათ შორის, ადგილობრივები, საარჩევნო კომისიის წევრები და ორი სამართალდამცავი გია ნანობაშვილი და პაატა თოლორაია. სხდომას ხუთი ბრალდებული ესწრებოდა, გრიგოლ ტყემალაძე კი დარბაზში სკაიპით ჩაერთო. დაკითხულთაგან ვერცერთმა ბრალდებულები ვერ ამოიცნო.

გია ნანობაშვილის განმარტებით, სამართალდამცველებმა ინციდენტის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ხმაური შემოესმათ და ადგილობრივები პოლიციის დახმარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, დაზიანებული პირები მოქალაქეებს გამოჰყავდათ.

„შეგროვილი ხალხი ერთმანეთს ურტყამდა. ვერ გაიგებდით, ვინ ჩხუბობდა. ჩვენ ცოტანი ვიყავით და სიტუაციის განეიტრალებაში მოქალაქეები გვეხმარებოდნენ. დაკავება ცუდ შედეგებს გამოიღებდა. ჩვენ გამოსვლა მოგვიწევდა და დამხმარე ჯგუფებისთვის დალოდება გადავწყვიტეთ“
, - აღნიშნა ნანობაშვილმა.

მისივე თქმით, გაშველების დროს წაიქცა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პაატა თოლორაიას თქმით, ხელჩართული ფიზიკური დაპირისპირება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდა.

როგორც ერთ-ერთმა მოწმემ განმარტა, დაპირისპირების დროს ადგილობრივები ინციდენტის მონაწილეებს აშველებდნენ, პირადად მათთვის კი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ მომდევნო სხდომა 31 მარტს ჩანიშნა.

ცნობისთვის, 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ.

დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.

ამავე თემაზე:

კორცხელის ინციდენტზე მოწმეები დაიკითხნენ

Print