სოფელ ერგეტაში მომხდარ ინტიდენტზე გამოძიება დაიწყო
„ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მომხდარ ინციდენტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

„იყო თუ არა იქ ძალადობა სინამდვილეში ამას გამოძიება დაადგენს“, - განუცხადეს რადიო „ათინათს“ სამინისტროში.

ზემოაღნიშნული პარტიების მხარდამჭერები დღეს სოფელ ერგეტაში ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრების ინფორმაციით, სოფელ ერგეტაში მათ მხარდამჭერებს აშინებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციური პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე არ წასულიყვნენ.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიის წევრებმა მათ მხარდმჭერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ მათ პროვიკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აზიური ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. აქცია-მსვლეობა მეორე საჯარო სკოლიდან დაიწყო და სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა.

Print