აქტუალური თემები
გუბერნატორის ახალი მოადგილე: ეს არის ჩემი შანსი რეალური ცვლილებებისთვის (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ახალი პირველი მოადგილის დავით ფარცვანიას თქმით, აღნიშნული თანამდებობა მისთვის შანსია, რომ სამეგრელოს რეგიონს გუნდთან ერთად სიკეთე მოუტანოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარცვანიამ მისი წარდგენის შემდეგ უთხრა. მან ნდობისთვის საქართველოს მთავრობასა და ალექსანდრე მოწერელიას მადლობა გადაუხადა.

„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ბევრ კერძო და სახელმწიფო უწყებაში მიმუშავია, ეს კი ჩემთვის შანსია და შესაძლებლობა, რომ ჩემს მშობლიურ რეგიონს მოვუტანო მეტი სიკეთე და მეტი რეალური ცვლილება, გუნდთან ერთად, შევეცადო გავაუმჯობესო ვითარება“, - აღნიშნა ფარცვანიამ.


რადიო „ათინათის“ კითხვაზე, რა იქნება პირველ რიგში, მისი პრიორიტეტი, ფარცვანიამ გვიპასუხა, რომ პრობლემებს დეტალურად უახლოეს დღეებში შეისწავლის.

„ბევრი პრობლემა ნაცნობია, უახლოეს დღეებში მათ დეტალურად და სიღრმისეულად შევისწავლი, ამის შემდეგ კი შემეძლება თამამად და ამომწურავად გაგცეთ პასუხი“, - გვითხრა რწმუნებულის პირველმა მოადგილემ.

პროფესიით სამართალმცოდნე დავით ფარცვანიას არაერთ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურაში უმუშავია, მათ შორის იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სამსახური, ამავე სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“. ბოლოს ორი თვის განმავლობაში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამშენებლო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

ამავე თემაზე:

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა

Print