აქტუალური თემები
სოხუმი შეზღუდვების პირობებში: კორონავირუსი და მოსახლეობა
მას შემდეგ, რაც სოხუმმა, კორნავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დამატებითი შეზღუდვები დააწესა, მოსახლეობამ სურსათის მომარაგება დაიწყო. რიგებია მარკეტებსა და სოხუმის ცენტრალურ ბაზარში, რომელიც ხვალიდან დროებით დაიკეტება, წერს ადგილობრივი მედია.

კარანტინის გამოცხადებამდე ფეისბუკის მომხმარებლებმა თავიანთ ჯგუფებში "ფსოუს" საკონტროლო - გამშვები პუნქტის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს, სადაც ასევე რიგი ჩანს, მხოლოდ ავტომობილების. ვიდეოს მოჰყვა შეშფოთებული მომხმარებლების კომენტარებიც:

"მთავარია, კორონავირუსი შე შემოიტანონ", "აბა, რას ჰგავს ეს! ხომ შეიძლება დავკეტოთ... ჩვენ არ ვართ მზად, ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები არ არიან მზად... ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თამაშობენ … ორივე საზღვარი უნდა ჩავკეტოთ…მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს", "იმოქმედეთ ბატონებო, დროს ნუ კარგავთ, დააწესეთ კარანტინი", "ტურისტები - კარგია, მაგრამ, აფეთქება თუ იქნა, და ის იქნება, ვინ აგებს პასუხს? სიტყვები არ მყოფნის", "მთელი მსოფლიო კარანტინშია და ესენი სად მოდიან??!!! რატომ არ კეტავთ საზღვრებს??? ღმერთმა ნუ ქნას, კორონავირუსი შემოიტანონ!!!".

მანქანების რიგს "აფხაზეთ - რუსეთის" საზღვართან "საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე გურამ ინაფშბა გამშვებ პუნქტზე დისტანციური თერმომეტრის განთავსებით ხსნის, წერს "აიაირა".

"ყველას, ვინ საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის, სიცხე ვუზომავთ. ეს გარკვეულ შეფერხებას იწვევს და რიგი დგება. რაც შეეხება საავტომობილო ნაკადს, პირიქით, ის შემცირდა კიდეც", – განმარტა მან.

მისი თქმით ეს ადამიანები, ძირითადად, "აფხაზეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც დილას მიდიან რუსეთში, ხოლო, საღამოს უკან ბრუნდებიან"

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლმა ვალერი ბგანბამ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორკვირიანი კარანტინი წესდება. 25 მარტიდან აფხაზეთში დაკეტილია საქორწილო და სპორტული დარბაზები, ფიტნეს - ცენტრები., ასევე დროებით შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 7 აპრილამდე გაგრძელდება არდადეგები ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 27 მარტიდან მუშაობას შეაჩერებენ კაფე- რესტორნები და კვების ობიექტები. ასევე, ხვალიდან იკეტება სოხუმის ცენტრალური ბაზარი.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, "აფხაზეთში შესვლა ეკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ექსკურსიის ჩატარების ან ტურისტული მიზნით აპირებენ რესპუბლიკაში შესვლას".

მინიმუმადმე იზღუდება მოქალაქეების სამუშაო ადგილებზე ყოფნა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დაევალა "აფხაზურ - რუსულ" საზღვართან განთავსებულ საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან 24 - საათიანი მორიგეობის დაწესება.

ჯერჯერობით თვითაღიარებული რესპუბლიკის "ჯანდაცვის სამინისტროს" კორონავირუსით დაინფიცირების შემთვევის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

თუმცა, 22 მარტს გამართული "საპრეზიდენტო" არჩევნების შემდეგ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ "ხელისუფლებამ" ვერ უზრუნველყო კორონავირუსის პრევენციის ზომების გატარება, შესაბამისად სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახური ვერ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

Print