აქტუალური თემები
დაასუფთავებინეს თუ არა მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს - ფაქტს პოლიცია იძიებს (ვიდეო)
ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები "შაბათობაზე" დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს. 

"პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში - ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა", - წერს მოქალაქე. 

ის იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო ზომებს მიიღებს და ფაქტზე შესაბამისი რეაგირება იქნება. 

​ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში. როგორც რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა. ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა. 

"ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა", - გვითხრა ლია ჯალაღონიამ.

ჩხოროწყუს მერიაში კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები.

"დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი, ვისაც ექნება ამ საქმეში რამე გადაცდომა და მონაწილეობა, იქნება მკაცრად დასჯილი", - გვითხრეს მერიაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს. 


Print