ახალი ამბები
ხობელმა ბუნების დამცველმა "სანდრო ურუშაძის" პრემია მიიღო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა. ჯილდო სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 3-მა სტუდენტმა მიიღო. 

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოვლენა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. დიდი პატივია ისეთი მეტყევის სახელობის პრემიის მფლობელი იყო, როგორიც სანდრო ურუშაძე იყო. ეს პრემია ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს ზოგადად, ბიომრავალფეროვნების და შესაბამისად, საზოგადოების წინაშე", - უთხრა რადიო "ათინათს" სანდრო ნარსიამ.

სანდრო ნარსია ბზის გადარჩენაზე ბავშვობიდან ზრუნავს. ის ხობის სოფელ ხეთაში ცხოვრობს. კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, ის მცენარის თესლებს წლებია აგროვებს. სანდრო აგრარული უნივერსიტეტის, აგრო სკოლის სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტია. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხობელი სტუდენტი ჩართულია საინფორმაციო კამპანიებში, რისთვისაც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის სანდრო ურუშაძის სახელობის პრემია 2019 წელს დაფუძნდა, პანდემიის გამო კი წელს მეორედ ჩატარდა. 





Print