ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
"რომეო და ჯულიეტა" აფხაზურად - პრემიერა ჭანბას სახელობის თეატრში
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური პიესის გმირები აფხაზურად ამეტყველდებიან. აფხაზეთის დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებლები შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" ნახავენ.

დადგმაზე რეჟისორი ადგურ კოვე და მხატვარი ბატალ  ჯაპუა მუშაობდნენ. რეპეტიციებმა თვე-ნახევარი გასტანა, ხოლო მოსამზადებელი პერიოდი 5 თვეს გაგრძელდა. რომეოს როლს ბენარ კოვე, ხოლო ჯულიეტას როლს ორი მსახიობი - ლანა ჯაპუა და ლოიდა ტირბა - დაუთია შეასრულებს.

რეჟისორ ადგურ კოვეს თქმით, შექსპირი ნებისმიერი თეატრისთვის "მწვერვალია", თუმცა, მისივე თქმით,  პიესა უნდა დაიდგას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თეატრს შესაბამისი სამსახიობო შემადგენლობა ჰყავს.  

აფხაზი რეჟისორი დარწმუნებულია, რომ მთავარია, კომპრომისების გარეშე მუშაობა, იმისთვის, რომ შექმნა რაღაც ახალი, თუნდაც, ექსპერიმენტული წარმოდგენა, რომელიც,  შესაძლოა, კამათის საგანიც გახდეს.

"ჩვენი ამოცანაა დავდგათ ცოცხალი სპექტაკლი  გრძნობებზე, რომლებსაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში განიცდიან. შექსპირი ერთ - ერთია იმ დრამატურგებს შორის, რომელიც, ამაში ხელს არ გიშლის, პირიქით - გეხმარება კიდეც. ვფიქრობ, შექსპირის დახმარებით, ჩვენ გავიკვლევთ გზას მაყურებლამდე", - დარწმუნებულია კოვე.

მხატვარი ბატალ ჯაპუა ამბობს, რომ შექსპირის პიესის დადგმას ყოველთვის თან სდევს გარკვეული რისკი, რადგან ძნელია თავი აარიდო შაბლონებს, თუმცა, შემოქმედებითმა გუნდმა მოახერხა და ახლებურად შეხედა ყველა დროის ერთ - ერთ ყველაზე კლასიკურ და ქრესტომათიულ პიესას.

"ამ ნაწარმოებს დიდი სცენური ისტორია აქვს და ამიტომ, ადვილად შეიძლებოდა, ჩვენდა უნებურად, დაშტამპული გზა აგვერჩია. მიუხედავად ამისა, არის იდეა და ამ იდეის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია გარკვეული გადაწყვეტილებები. დრო გვიჩვენებს, რამდენად შევძელით ამის განხორციელება", - თქვა მან.  

"რომეო და ჯულიეტა" აფხაზურ ენაზე პოეტმა გენადი ალანიამ თარგმნა. მისი თქმით, თანამედროვე თეატრში ნაკლები ყურადღება ექცევა ენას, თუმცა, პოეტი აღნიშნავს, რომ აფხაზური ენა დღეს რთულ ვითარებაშია და მის განვითარებას, არა მარტო ლიტერატურამ, არამედ, თეატრმაც უნდა შეუწყოს ხელი.  

"თარგმანი  გულის გადანერგვის მსგავსი რამ არის, გული კი, როგორც ცნობილია, მთელი ორგანიზმისთვის ქაჩავს სისხლს. თარგმანმა ისე უნდა იმოქმედოს მაყურებელზე, რომ შეავსოს რეჟისორის ჩანაფიქრი, ", -  აღნიშნა აფხაზმა პოეტმა.

შექსპირის პიესის "რომეო და ჯულიეტას" პრემიერა აფხაზეთის დრამატული თეატრის დაარსებიდან  90 წლის იუბილეს ეძღვნება. ათეული წლების წინ, სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი აფხაზური დრამატული სტუდია, რომელმაც პროფესიონალი მსახიობების პირველი პლეადა მოამზადა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print