ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ინტელექტუალური თამაშების მე - 9 ჩემპიონატი სოხუმში
სოხუმში ინტელექტუალური თამაშების მე - 9 ჩემპიონატი გაიმართა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში გააერთიანა - "რა? სად? როდის?", "ბრეინ რინგი" და "ჩემი თამაში".
პირველი დღე შერჩევით ტურებს დაეთმო, მეორე კი ნახევარფინალსა და ფინალს.

ინტელექტუალური კლუბის პრეზიდენტის ასია სანოსიანის თქმით, ისინი 10 წელია თამაშობენ, თუმცა, ამ რანგის შეჯიბრში პირველად მიიღეს მონაწილეობა.

"ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით ამ დონის ღონისძიებისთვის, ამ წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა სულ ვთამაშობდით, ამასობაში ახალი თაობაც მოვიდა, რომელიც დაინტერესებულია ინტელექტუალური თამაშებით, მე იმედი მაქვს, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება", - თქვა მან.

ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ, როგორც გამოცდილი, ასევე ახალბედა მოთამაშეები.

"ჩვენ უკვე მესამედ ვმონაწილეობთ ამ შესანიშნავ ტურნირში, წინა ორ შეჯიბრში ახალგაზრდულ ჩათვლაში დავიკავეთ პირველი ადგილები, ხოლო წელს, საერთო ჩათვლაში ვმონაწილეობთ და ასევე გვაქვს გამარჯვების იმედი", - თქვეს ერთ - ერთი გუნდის, "შელინგერის" წარმომადგენლებმა.

სოხუმში გამართულ თამაშს, ისევე, როგორც შარშან, სატელევიზიო კლუბის "რა? სად? როდის" ბროლის ბუს მფლობელი მიხაილ სკიპსკი უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ ჩემპიონატი საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოთამაშეებმა მეტი გამოცდილება უნდა დააგროვონ და ხშირად ითამაშონ რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გამართულ თამაშებში, რაშიც მთავრობის ხელშეწყობაა აუცილებელი.

"აი, მთავარი, რაც იგრძნობოდა, აზარტია, ახალგაზრდები ბოლომდე იხარჯებიან. მაგალითისთვის, იყო რამდენიმე კითხვა, რომელსაც ვერც ერთმა გუნდმა ვერ უპასუხა. თუმცა, კითხვები ძალიან კარგი იყო და რთული... მაგრამ, პასუხებიც საინტერესო იყო და გუნდები აპლოდისმენტებს იმსახურებდნენ, ლამაზი თამაშისთვის. მართალი გითხრათ, ზოგიერთი კითხვაზე ვერც მე ვუპასუხებდი და მომიწევდა თავის მტვრევა", - თქვა სკიპსკიმ.

ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო გუნდურ ჩათვლაში სოხუმის გუნდი - "12 გაბრაზებული მამაკაცი" გახდა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print