ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმის პორტი რუსული საკრუიზო ლაინერის მისაღებად ემზადება (ფოტო)
სოხუმის პორტის მთავარ ნავმისადგომთან ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. აფხაზეთს სურს რუსული საკრუიზო ლაინერის "კნიაზ ვლადიმირის" მარშრუტში მოხვდეს. შესაბამის შეთანხმებას სოხუმმა "შავი ზღვის კრუიზებთან" გასულ წელს მიაღწია. ამ ეტაპზე ლაინერი რეისებს შემდეგი მარშრუტით ასრულებს: სევასტოპოლი - იალტა - ნოვოროსიისკი - სოჭი.

იმისთვის რომ სოხუმმა რუსული ლაინერის შემოყვანა შეძლოს, მთელი რიგი ღონისძიებები უნდა გაატაროს, მათ შორის, ფსკერი დააღრმაოს.

"პროექტის თანახმად, ფსკერი 5-6 მეტრიდან 8 მეტრამდე უნდა დავაღრმაოთ. ახლა სწორედ ამ სამუშაოებს ვაწარმოებთ გრაფიკის დაცვით. მანამდე ჩატარდა ჰიდროაკუსტიკური კვლევა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით და სანქტ - პეტერბურგიდან მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით", - ამბობს აფხაზეთის საზღვაო ნაოსნობის გენერალური დირექტორის მოადგილე ადამურ გაბუნია.

მისი თქმით, მათ შეასრულეს სტანდარტული სამუშაოები, რაც აუცილებელია მიმდებარე აკვატორიის სხვადასხვა ტექნოგენური და პოტენციურად საშიში ობიექტებისგან გასაწმენდად.

ერთადერთი რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლის შემთხვევაში, მგზავრები საპასპორტო კონტროლს სოხუმის ნავსადგურშივე გაივლიან, რომელიც შესაბამისად აღიჭურვება.

გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, მოეწყობა სათვალთვალო კამერები და შემოისაზღვრება საბაჟო კონტროლის ზონა, რომელიც შესაბამის რეჟიმში იმუშავებს.

ლაინერი სოხუმში 2020 წლის გაზაფხულზე უნდა შემოვიდეს, მანამდე კი გემი სატესტო რეჟიმში მგზავრების გარეშე შეასრულებს პირველ რეისს. ამავე ინფორმაციით, "კნიაზ ვლადიმირი" აფხაზეთში წელიწადში 6 ჯერ შემოვა.

ქართულ - აფხაზურ კონფლიქტამდე სოხუმის პორტი აქტიურად ემსახურებოდა საკრუიზო გემებს, მათ შორის, ისეთებს, როგორიც იყო "შოთა რუსთაველი" და "ივან ფრანკო". 1992 წლიდან ყველა კრუიზი შეწყდა. ამჟამად, პორტი მხოლოდ სატვირთო გემების მიღებას ახერხებს.
მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print