ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა სოხუმში
სოხუმში სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის ბაზრობა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი მწარმოებლები მონაწილეობდნენ. ეს მესამე ღონისძიებაა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოეწყო. მანამდე, მსგავსი გამოფენა - გაყიდვა ახალ ათონსა და ბიჭვინთაში მოეწყო.  

სოხუმის ბაზრობაზე 20 - მდე მეწარმემ და ფერმერმა საკუთარი პროდუქცია, ძირითადად, მანდარინი და ფეიხოა წარმოადგინა.   

ბაზრობაზე მცირე ბიზნესიც იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ყავის გადამამუშავებელი საწარმო, ლუდის მინი - ქარხანა, ასევე სახელოსნოები, რომლებიც ბიჟუტერიასა და სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებენ.

გაეროს პროგრამის მთავარი სპეციალისტის სიმონ აგრბას განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანი ადგილობრივი ფერმერებისა და ინდმეწარმეების ხელშეწყობაა, რათა მათ მომავალში საკუთარი პროდუქციის რეალიზება, დამოუკიდებლად, შუამავლის გარეშე შეძლონ.

მისივე თქმით, ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, უკვე დაიგეგმა საახალწლო ბაზრობა სოხუმში.

სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს, ოჩამჩირის, გუდაუთის და გაგრის რაიონებში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მეწარმეებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. მასში ჩართვის მსურველებს ცენტრის სპეციალისტები საპროექტო წინადადების შედგენასა და შესაბამისი განაცხადის შევსებაში დაეხმარნენ.

"პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. ადამიანებს შეეძლოთ როგორც კომერციული, ასევე სოციალური პროექტების წარმოდგენა. შემოსული 92 პროექტიდან ამ ეტაპზე, 27 შეირჩა", - აღნიშნა ცენტრის ბიზნეს ასისტენტმა თემურ მუმბამ.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ პროექტების უმრავლესობა ფერმერული მეურნეობების და მცირე საწარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ძირითადად, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგში. მათი თქმით, იყო საინტერესო ბიზნეს გეგმები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა მწყერების ფერმა ოჩამჩირის რაიონში.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილი გრანტების თანხა 3 ათასიდან 25 ათას დოლარამდე მერყეობს.  

ორგანიზაციაში თვლიან, რომ ჯერჯერობით ნაადრევია პროექტის წარმატებაზე საუბარი. უახლოეს მომავალში სოფლის მხარდაჭერის ცენტრი მიმდინარე პროექტების მონიტორინგს დაიწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მის შედეგებზე საუბარი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print