ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საერთაშორისო პროგრამები გალის რაიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად
გალის რაიონში ამოქმედდება პროგრამა, რომელიც სოფლის მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„უკვე ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას და გრანტის მიმღებთა მხარდაჭერას. მათ არა მხოლოდ აღჭურვილობით უზრუნველვყოფთ, არამედ, ტექნიკურ დახმარებასაც გავუწევთ“, -  განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მენეჯერმა ფედერიკა დისპენზამ პროექტის პრეზენტაციისას.

გალის რაიონში პროექტს კურირებს „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“. ორგანიზაციის სოხუმის ოფისის ხელმძღვანელის ერვინ ბლაუს თქმით, ისინი გალის რაიონში უკვე წელიწადნახევარია მუშაობენ გაეროს განვითარების ორგანიზაციასთან ერთად.

„პროგრამის მიზანია, ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების შექმნა, რომლებიც მოახდენენ არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და გადაწყვეტენ, თუ რა პროგრამები უფრო სჭირდება გალის რაიონს“, - აღნიშნა მან.

ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროგრამის შემუშავებაში. შედეგად, შემოსული წინადადებებიდან საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრები და საზოგადოებრივი აქტივისტები გაერთიანდნენ, 18 სოციალური და 25 კომერციული პროექტი შერჩია. მათ განსახორცილებლად 270 ათასი დოლარი გამოიყო, თუმცა ბენეფიციარებმა, დამატებით, მიღებული გრანტის 30 %  ოდენობის თანხა საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა დაფარონ. 

დამტკიცებული პროექტების დიდი ნაწილი მიმართულია რეგიონისთვის ტრადიციული სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშესაწყობად, მათ შორის, თხილის, ჟოლოს, ლურჯი მოცვის. პროექტში ცალკე ადგილი ეთმობა სიმინდის ზეთის წარმოებას.

პროექტების ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის შემოქმედებითი  პოტენციალის განვითარებასაც ითვალისწინებს, მათ შორის, მუსიკალური სტუდიის შექმნას გალში და საბავშვო - გასართობი მოედნის მოწყობას სოფელ ჭუბურხინჯში.

აღნიშნულ წინადადებას მხარს უჭერს ადგილობრივი რაიონული ადმინისტრაცია. მისი ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, ისინი უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროექტების შემუშავების პროცესში.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამა აფხაზეთში 2017 წელს დაიწყო და 2021 წლამდე გაგრძელდება. 


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print