ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის განვითარების პერსპექტივები
აფხაზურმა დელეგაციამ 20 – 22 ნოემბერს სოჭში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ  ფორუმსა და ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების მე- 4 კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთის საკურორტო ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის ორ ღონისძიებაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა აფხაზეთის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციისათვის.

საკურორტო ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილის ასტამურ ბარციცის თქმით, მსგავს შეხვედრაში ისინი პირველად მონაწილეობდნენ. მან აღნიშნა, რომ  ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს  რესპუბლიკის ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, საგამოფენო პავილიონში კი საკუთარი სტენდიც წარმოადგინეს. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, სტუმრებისთვის  აფხაზეთში საინფორმაციო პრესტური მოეწყო.

„ჩვენი უწყების პრიორიტეტია რესპუბლიკაში ტურისტული ნაკადის გაზრდა, რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტიანი, ამ მხრივ, სარეკლამო საინფორმაციო პრეს-ტურებია. ჩვენ მოგვყავს უშუალოდ ის ტუროპერატორები, რომელთაც ტურისტული სააგენტოების ქსელები აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში“, - განმარტა ბარციცმა.

აფხაზეთში უკვე დაიწყეს საკურორტო სეზონისთვის მზადება. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტის ანა კალიაგინას პროგნოზით,  სასტუმროებისა და მომსახურების ფასები, შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად არ შეიცვლება.

„არა მგონია, რომ ფასები გაიზარდოს, რადგან კონკურენცია იზრდება. ფასი გაიზრდება მხოლოდ მომსახურების ხარისხის ზრდის ან სერვისების დამატების შემთხვევაში. სიტყვაზე, თუ სასტუმროსთან აშენდა აუზი და შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც ამაღლდა, ფასიც გაიზრდება. ასე, რომ ბალანსი იქნება დაცული“, - აღნიშნა მან.

თუმცა, განსხვავებით რუსეთის ტუროპერატორებისგან, აფხაზეთში მოქმედ სასტუმროებს 2020 წლის საფასო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.   


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print