ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია სოხუმში
სოხუმში საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის პროფესიულმა სასწავლებლებმა და კოლეჯებმა მიიღეს მონაწილეობა.

პროფესიულ - ტექნიკური კოლეჯების და დაწესებულებების სტენდებზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო სარეკლამო მასალა, სასწავლო პროგრამების პრეზენტაციები, ასევე სტუდენტური ცხოვრების ამსახველი ფოტოები.

"ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სახვითი ხელოვნებით, სკულპტურით, ვისაც სურს მხატვარ - დეკორატორის პროფესიას დაეუფლოს, ვურჩევდი ჩვენთან მოვიდეს. ბოლო რამდნიმე წელია, ტანსაცმლის დიზაინის კურსიც გვაქვს, ბავშვებს საკუთარი თავის წარმოჩენა ამ მხრივაც შეუძლიათ", - ამბობს ლარისა ჯოპუა, რომელიც გამოფენაზე სოხუმის სამხატვრო სასწავლებელს წარმოადგენდა.

გამოფენაზე არც თუ ისე დიდი ხნის გახსნილი ტყვარჩელის ჰუმანიტარულ - სამრეწველო კოლეჯის სტენდიც იყო წარმოდგენილი. პედაგოგმა ირაკლი გაბლაიამ თქვა, რომ კოლეჯის კურსდამთავრებულები უკვე დასაქმებულებიც არიან.

"ჩვენთან სამი სპეციალობაა  –  დაწყებითი კლასების პედაგოგიკა, მშენებლობა,  საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაცია. სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია და ჩვენ ვამაყობთ ამით", - თქვა მან.

გამოფენას 150 - მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომლებიც მომავალი პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ.

"სამედიცინო კოლეჯში ვაპირებ ჩაბარებას, ამიტომაც მოვედი აქ, რომ ვნახო პროგრამები და მივიღო ინფორმაცია. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ სამედიცინო კოლეჯს ავირჩევ", - თქვა ერთ - ერთმა უფროსკლასელმა.

აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთში პირველად გაიმართა. განათლების მინისტრის მოადგილე მედეა ჩენგელია იმედოვნებს, რომ ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და სარგებლობას მოუტანს რესპუბლიკის განათლების სისტემას.

"მსგავსი ურთიერთობა და გამოცდილება დიდ იმპულსს აძლევს საშუალო პროფესიული განათლების განვითარებას და აუცილებელია, რადგან, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის" - თქვა მან.

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ეს ღონისძიება მხოლოდ ნაწილია იმ ინიციატივისა, რომელიც საშუალო პროფესიული განათლების მხადაჭერას და საგანმანათლებლო სერვისების ბაზარზე მისი პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას ემსახურება.

"ეს კიდევ ერთი ნაბიჯია დიდი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს აფხაზეთში პროფესიული სექტორის განვითარებას", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერმა ფედერიკა დისპენზამ.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "ჰორიზონტების" ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.  


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


ფოტო: http://apsnypress.info/













Print