ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
დიმიტრი გულიას სახლ-მუზეუმში მისი ქალიშვილის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
სოხუმში აფხაზური ლიტერატურის პატრიარქის დიმიტრი გულიას ქალიშვილის ტატიანას დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება მწერლის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
სახლ-მუზეუმის დირექტორის და საზოგადოებრივი აქტივისტის სვეტლანა კორსაიას თქმით, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის ქალიშვილი ცნობილი პედაგოგი იყო, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ხოლო პენსიაზე გასვლის შემდეგ, ის სახელგანთქმული მამის სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობდა.

ბევრი რამ ამ სახლში სწორედ ტატიანა გულიას ხელითაა შექმნილი.

ღონისძიებას მისი შვილიშვილი ვლადიმირიც ესწრებოდა, რომელმაც გაიხსენა ბებია.

"იცით, ხშირად მესმის ხოლმე, როდესაც ბებიაზე ამბობენ, რომ ის საკმაოდ მკაცრი იყო, განსაკუთრებით უნივერსიტეტის წლებში, თუმცა, სახლში ჩვენ ამას ვერ ვგრძნობდი. ჩვენ, შვილიშვილებს დიდი სითბოთი და სიყვარულით გვეპყრობოდა, არასოდეს გვიჯავრდებოდა", - იხსენებს ის.

როგორც მისი თანამედროვეები იხსენებენ, ტატიანა გულიას ლექციები სიმარტივითა და დემოკრატიულობით გამოირჩეოდა. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი ალეკო გვარამია დიმიტრი გულიას ვაჟთან, გიორგისთან მეგობრობდა. მისი თქმით, გიორგის განსაკუთრებით უყვარდა და.

"ჩემს მეხსიერებას ის შემორჩა როგორც სათნო, უჭკვიანესი ადამიანი. ნამდვილი აფხაზი ქალი. თუმცა, მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა არა იმ სფეროს, რომლის პატრიარქიც იყო მამამისი. ის ძველი და საბჭოთა ლიტერატურის კურსს კითხულობდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში, ორ ადგილზე მუშაობდა, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში და ამ ლიტერატურულ მუზეუმში", -  აღნიშნა გვარამიამ.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის ნათელა ბახიას თქმით, ტატიანა გულიას ლექციები საინტერესო და შემეცნებითი იყო.

"ის ლიტერატურათმცოდნეობის ყველაზე რთულ საკითხებსაც ძალიან გასაგები ენით ხსნიდა. გარდა ამისა, გამოირჩეოდა იუმორის გრძნობით, სხვადასხვა პრიზებსაც აწესებდა სტუდენტებისთვისაც, რომლებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მის საგანს. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან", - ამბობს ის.

საღამოზე მოსულმა ნათესავებმა, კოლეგებმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  ტატიანა გულიამ დიდი კვალი დატოვა აფხაზეთის ისტორიაში, როგორც სახელგანთქმული მწერლის ქალიშვილმა და ნიჭიერმა პედაგოგმა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print