ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზურ-აბაზური კონგრესი ადგილობრივ განყოფილებებს გახსნის

აფხაზურ-აბაზური მსოფლიო კონგრესის საზოგადოებრივი ორგანიზაცია 1992 წელს შეიქმნა. თუმცა, როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, 2019 წელს, ორგანიზაციას "ახალი სუნთქვა გაეხსნა".



მისი თავმჯდომარის მუსა ეგზეკოვის თქმით, გასული წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ფილიალების გახსნაა იმ ქვეყნებში, სადაც აფხაზურ -აბაზური დიასპორაა წარმოდგენილი.

”პრინციპში, არსებითად ჩვენ განვახორციელეთ ყველა დაგეგმილი პროექტი. ეს არის ძალიან კარგი გუნდის შექმნა - სოხუმში, აფხაზეთში, სანკტ-პეტერბურგში ... არის ძალიან კარგი გუნდი ჩერკესკში, მოსკოვში ... ახლა ჩვენ თურქეთში ვქმნით გუნდს. ვამზადებთ გუნდს იორდანიაში და ა.შ. ეს არის მთელ მსოფლიოში, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ, ამიტომ დიდი, გრანდიოზული პროექტებია დაგეგმილი ყველა რეგიონში, სადაც კონგრესი მუშაობს“, - ამბობს ეგზეკოვი.

მისი თქმით, პროექტები მიმართულია ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად. ის თვლის, რომ მხოლოდ ამგვარი მოდელის დანერგვით ერთვება რეგიონის მოსახლეობა პროგრამების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

”რისთვის სჭირდებათ აქტივისტებს საბჭოები თითოეულ უბანში - იმისთვის, რომ ამ რაიონის მცხოვრებლებზე უკეთ არავინ იცის თუ რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს, როგორია მათი მოლოდინები. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად უნდა შევისწავლოთ სიტუაცია. შემდეგ, მათთან ერთად შევიმუშავებთ პროგრამას და ისინი ჩვენთან ერთად ახორციელებენ პროექტებს. ეს იყოს შეიძლება, ხანდაზმულების ან მრავალშვილიანი დედების დახმარება", - აღნიშნავს ის.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, პირველ ეტაპზე იგეგმება ის, რისი გაკეთებაც სოფელში ან თემშია შესაძლებელი. მეორეზე, საქმეში იმ ადამიანების ჩართვა, ვინც ამ სოფლიდანაა წარმოშობით და აქვს ერთგვარი ფინანსური დამოუკიდებლობა და შესაძლებლობები.

„ჩვენ არ ვეუბნებით - მოდით, მოგვეცით ფული - არა, ჩვენ კონკრეტულად ვაჩვენებთ იმას, რისი გაკეთებაცაა საჭირო. მაგალითად, მოედანი ან საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ან კულტურის სახლის აღდგენა", - ამბობს ის.

ორგანიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი მიღწევა, ეგზეკოვის თქმით, აფხაზურ-აბაზური ენებისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარებაა. მისი ინფორმაციით, კონგრესის ეგიდით, გამოიცა წიგნები, ანიმაციური ფილმები და ასევე, ხორციელდება რამდენიმე სამეცნიერო პროექტი. გარდა ამისა, 2018 წელს აბაზას პირველი კულტურული და სპორტული ფესტივალი მოეწყო. ფესტივალი ყოველწლიური იქნება და ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ მისი პოპულარობა გაიზრდება.

”ჩვენ შევხვდებით კომუნიკაციისთვის, რომ შევადგინოთ გეგმები ... კონსულტაციისთვის. ჩვენ გავითვალისწინებთ მოსახლეობის სურვილებს, იმასთან დაკავშირებით, თუ სად ისურვებდნენ ფესტივალის ჩატარებას. მთავარია, რომ ეს ხალხისთვის იყო მოსახერხებელი და მათი ტრანსპორტირება მოხდეს“, - აღნიშნავს ეგზეკოვი.

მისი მტკიცებით, კონგრესის ყველა პროექტი ღია და გამჭვირვალეა, ხოლო მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print