ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
მოლაპარაკებები რუსეთთან აფხაზეთში ენერგოკრიზისის თავიდან ასაცილებლად
კომპანია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის ასლან ბასარიას განაცხადებით სოხუმი მოსკოვთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიით მომარაგების თაობაზე. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამოქმედებულია ჩვენი სამსახურები, ძალოვანი სტრუქტურებიც ჩართულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საზღვრისპირა ტერიტორიაზე ვიმუშავებთ, და ბუნებრივია, ამ ტერიტორიაზე საჭიროა გარკვეული ნებართვები", - აღნიშნა მან.

რუსეთთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირას გაგრძელდა. მათი დაწყების შესახებ, ბასარიამ 2019 წლის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, როდესაც აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა.

"უახლოეს დღეებში გადაწყდება საკითხი. ჩვენი თანამშრომლები ჩაატარებენ ამ სამუშაოს და მარტივი ენით რომ ვთქვათ გადმოქაჩავენ ელექტროსადენებს საზღვარზე და მიუერთდებიან კრასნოდარის 100 კვტ - იან ელექტროგადამცემ ხაზს", - თქვა ბასარიამ.   

ენერგოდეფიციტი ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულ დონემდე კლებამ გამოიწვია. გარდა ამისა, ენერგეტიკოსების განმარტებით, აფხაზეთში წლიდან წლამდე იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ზამთრის თვეებში, მუდმივად ერთი და იგივე პრობლემის წინაშე დგანან.

"აფხაზეთში ენერგომოხმარება  9 მილიონ კვტ საათს აღწევს დღე - ღამეში, ეს კი 4-5% - ით მეტია გასულ წელს თუ შევადარებთ. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას დაემატა მცირენალექიანი წელი. დაახლოებით 35-40% - ით ნაკლებია წელს", - ამბობს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია.

მისივე მონაცემებით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია, ეს ნიშნული კი ჰესის მუშაობის შეზღუდვას გულისხმობს. ამჟამად ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე 445 მეტრს შეადგენს, თუმცა, სპეციალისტების თქმით, წყალი სწრაფი ტემპით, დღეში დაახლოებით 1 მეტრით იკლებს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა გათვალისწინებით, ენგურჰესი აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ შეძლებს.

ასლან ბასარიას განმარტებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ წყალსაცავში წყალი მხოლოდ წვიმის შედეგად ივსება, თუმცა სინამდვილეში, ეს პროცესი თოვლის დნობას უკავშირდება, რა თქმა უნდა მთიან რეგიონზეა საუბარი, რომელიც ზღვის დონიდან 800 – 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

"მეორე საკითხია ის, რომ დიდი რაოდენობით მოსული ნალექი, მხოლოდ მცირე დროით აისახება წყლის მოდინებაზე. საქმე ეხება მდინარის ადიდებას, რომელიც თავის მხრივ, წყალსაცავს ავსებს. თუმცა, ასეთი კრიტიკული სიტუაცია და ნალექის სიმცირე 1978 წლიდან არ ყოფილა"- ამბობს აფხაზური ენერგოკომპანიის დირექტორი.  

მისი თქმით, დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოები და რუსეთი  აფხაზეთს ელექტროენერგიით უახლოეს პერიოდში მოამარაგებს, მანამ, სანამ ჯვარის წყალსაცავი არ შეივსება მისღებ დონემდე.

როგორია შეთანხმების დეტალები და იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი ჯერჯერობით უცნობია.  

მარაოსებრი სისტემით ელექტროენერგიის გათიშვები დღეში 4 საათით აფხაზეთში 27 თებერვალს დაიწყო.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print