ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვირუსები და მათი პრევენცია - აფხაზეთმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა
4 თებერვლიდან "ფსოუსა" და "ენგურის" გამშვებ პუნქტებზე კარანტინი დაწესდა და აფხაზეთში მიგრანტების შესვლა შეიზღუდა. საუბარი ეხება არა მარტო ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომელთაც რესპუბლიკაში შესვლაზე უარი ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში განუცხადეს, არამედ აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე ყველა პირს. აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგებოდ მოწვეულ თათბირზე მიიღეს, რომელსაც ჯანმრთელობის, განათლების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი ინფორმაციით, ღონისძიებების მიზანი აფხაზეთის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვაა.

"ჩვენს ჯანდაცვას ახლა არა აქვს კორონავირუსის რეგისტრაციის შესაძლებლობა, ანუ არ გვაქვს ვირუსის განმსაზღვრელი ტესტ-სისტემა, გამომდინარე აქედან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ტურისტების შემოსვლა შეიზღუდება", - ამის შესახებ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის უფროსის ანდრეი ბობუას თქმით, დღესდღეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან ჩინეთის მოქალაქეები. მისივე მონაცემებით, ორმა მათგანმა, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა, რესპუბლიკის ტერიტორია ჯერ კიდევ 2019 წელს დატოვა, დაავადების გავრცელებამდე.

ბობუამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არც აფხაზეთში და არც მეზობელი ქვეყნების ქალაქებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, 15 იანვრიდან ენგურის ხიდზე სანიტარული საკარანტინო პუნქტია ამოქმედებული, სადაც ანტივირუსული თერაპიის ფარგლებში, მოქალაქეებს ამოწმებენ. მედიკოსების ბრიგადები სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 1 მარტამდე იმუშავებენ.

რაც შეეხება სეზონურ რესპირატორულ დაავადებებს, ახლა მათი გავრცელების პიკია. ყველაზე რთული სიტუაცია ოჩამჩირისა და ტყვარჩელის ზოგიერთ სკოლაში კარანტინი გამოცხადდა. თუმცა, სპეციალისტების აზრით, რესპუბლიკის მასშტაბით, სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის აუცილებლობა არ არსებობს.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2020 წლის იანვრიდან დღემდე სამედიცინო დაწესებულებებს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 1400 ადამიანმა მიმართა, მათგან 69 - ჰოსპიტალიზირებულია, 24 პაციენტს პნევმონია დაუდგინდა.

საბავშვო განყოფილებებში ამავე პერიოდში 1800 ბავშვი დარეგისტრირდა, მათგან 92 პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეს.  ამ დროისათვის, სტაციონარში - 22 ბავშვი რჩება. ამავე ცნობით, შარშან ამ დროს ეს მაჩვენებელი 1300 - ს შეადგენდა.

ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავენ, გრიპის პროფილაქტიკის მიზნით,  ხშირად დაიბანონ ხელები, გაანიავონ შენობები, მოერიდონ გაციებულ ადამიანებთან ურთიერთობას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, გამოიყენონ პირბადეები.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print