ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
დიმიტრი გულიას იუბილე და მწერლის სახლ - მუზეუმი სოხუმში 
21 თებერვალს დიმიტრი გულიას დაბადების დღეს აღნიშნავენ. გულიას სახლ - მუზეუმის დირექტორის სვეტლანა კორსაიას თქმით, მწერალმა და პოეტმა აფხაზეთის თანამედროვე კულტურას ჩაუყარა საფუძველი. "ის არამარტო აფხაზეთის მხატვრული ლიტერატურის, არამედ ეროვნული თეატრის, ჟურნალისტიკის, აფხაზეთის ისტორიის ფუძემდებელია, რადგან სწორედ მან დაწერა აფხაზეთის ისტორიის პირველი წიგნი. მისი ღვაწლი იმდენად მასშტაბურია, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, რა ეშველებოდა ჩვენს კულტურას, ლიტერატურას, დიმიტრი გულია რომ არ ყოფილიყო", - თქვა მან.
დიმიტრი გულიას ნაწარმოებები აფხაზური ლიტერატურის ოქროს ფონდშია შესული, მათი დიდი ნაწილი სწორედ იმ თეთრ სახლში იქმნებოდა, რომელიც დღევანდელი მშვიდობის მოედანთან მდებარეობს. დღეს იქ მწერლის სახლ - მუზეუმია განთავსებული, რომელსაც მრავლად ჰყავს მნახველები, განსაკუთრებით, მწერლის იუბილეზე. განსაკუთრებულ ინტერესს მუზეუმის მიმართ ახალგაზრდობა იჩენს. 

"თებერვლის მეორე ნახევრიდან  სექტემბრამდე ჩვენთან მუდმივად ხალხმრავლობაა, აქ მოდიან ჯგუფები აფხაზეთის ყველა ქალაქის, რაიონის და განსაკუთრებით კი სოხუმის სკოლებიდან. ჩვენ მათთვის არა მარტო ექსკურსიებს, არამედ, სხვადასხვა ღონისძიებასაც ვმართავთ", - ამბობს სვეტლანა კორსაია.   
მეცნიერ - თანამშრომელი ზოია კოკოსკერია მუზეუმში უკვე 40 წელზე მეტია მუშაობს. ის თვლის, რომ დიმიტრი გულიას შემოქმედების მიმართ ინტერესი არ ნელდება.  

"ეს ერთადერთი მემორიალური ოთახია ჩვენს მუზეუმში, პოეტის კაბინეტი და ბავშვები დიდი ინტერესით გვისმენენ და ხშირად სწორედ ამ ოთახის დათვალიერებას ითხოვენ. მათ იმ საგნების ნახვა აინტერესებთ, რომლებიც აქ არის შემონახული. მწერლის გარდაცვალების შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა",  - ყვება ის. მისივე თქმით, შენობა, რომელიც თითქმის 100 წლისაა, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში და კაპიტალურ რემონტს საჭიროებს.

"ექსპონატების შენახვის პირობები ჩვენთან საკმაოდ ცუდია, ნესტის გამო, ისინი ფუჭდება, აუცილებელია სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. ფუჭდება უნიკალური დოკუმენტები და ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მთავრობის მხრიდან", - ამბობს სვეტლანა კორსაია.

სოხუმის ადმინისტრაციის ქალაქთმშენებლობის სამმართველოს წარმომადგენლის სვეტლანა სომენკოვას თქმით, ობიექტის სტატუსის მიუხედავად - შენობა ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, მის მიმდებარედ, მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.

"ჩვენი ეზო თითქმის გაქრა, ამ მხარეს სახლია აშენებული, მეორე მხარესაც სახლი ააშენეს და რამდენიმე მეტრით გადმოწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც იცავს იმას, რისი შენარჩუნებაც მოვახერხეთ, ჩვენ არ გვაქვს ქალაქის სტრატეგიული განვითარების  გეგმა, რომელიც დაარეგულირებს ამ ყველაფერს",- ამბობს ის.

მისი თქმით, ომის შემდეგ უკვე 20 წელი გავიდა, და ეს პრობლემები დღესაც გადაუჭრელია.

ზულფია კოკოსკერია ყვება, რომ მუზეუმში ერთ ჯერზე 10 დამთვალიერებლის მეტი ვერ შეჰყავთ, რადგან იატაკი ზანზარებს. მისივე თქმით, კაპიტალური რემონტი გასული საუკუნის 80 - იანი წლებიდან არ ჩატარებულა.

"უნდა შევადგინოთ ბიუჯეტი, იმის შესაბამისად, თუ რას ვგეგმავთ მუზეუმის რემონტთან დაკავშირებით.  უდავოა, რომ იქ დაცული ფონდები, რაც დაკავშირებულია პოეტი მოღვაწეობასთან, უმთავრესია და ამას დაცვა სჭირდება", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ელვირა არსალიამ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ეტაპზე, მთავრობა შეძლებს თანხის გამოყოფას მუზეუმის რეკონსტრუქციისთვის.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print