ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმის ბოტანიკური ბაღი 180 წლისაა
სოხუმის ბოტანიკური ბაღი ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა და ქალაქის სავიზიტო ბარათია.  მისი ისტორია მე-19 საუკუნის 30 - იან წლებში იწყება, დაარსება კი რუსეთის შავი ზღვის ფორტიფიკაციის ხაზის მეთაურს ნიკოლაი რაიევსკის სახელს უკავშირდება. სწორედ მისი მითითებით შეიქმნა 1840 წელს "სუხუმ-კალეს სამხედრო-ბოტანიკური ბაღი".

მანამდე გადასახლებაში მყოფმა პოლონელმა რევოლუციონერმა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა ვლადისლავ ბაგრინოვსკიმ, ამ ადგილზე, სოხუმის სამხედრო გარნიზონის ბაზაზე, სამკურნალო მცენარეები მოაშენა. რაევსკის სწორედ ეს პატარა ბაღი მოეწონა, რომელიც შემდეგ, მისივე ხელშეწყობით სამხედრო უწყების განკარგულებაში გადავიდა. ხოლო ვლადისლავ ბაგრინოვსკი მისი პირველი დირექტორი გახდა.
თავდაპირველად, ბაღი ერთ ჰექტარზე იყო გაშენებული, ხოლო რამდენიმე წელიწადში ის გაფართოვდა და სამოქალაქო მმართველობის ხელში გადავიდა. საბჭოთა მმართველობის პერიოდში ბოტანიკური ბაღი მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის კვლევის ინსტიტუტის ხელში გადავიდა.
ბაღის ამჟამინდელი დირექტორის ედუარდ გუბაზის ინფორმაციით, სოხუმის ბოტანიკური პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ - ერთი ყველაზე ცნობილი იყო. მისი თქმით, 90 - იანი წლების სამხედრო კონფლიქტამდე, მსოფლიოს საუკეთესო ბაღების ათეულში შედიოდა და მასში 5000 - ზე მეტი მცენარის სახეობა იყო.
"დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის, რუსეთის, და აზიის ბოტანიკურ ბაღებათან. ამ 180 წლის განმავლობაში ბაღი არაერთხელ დარბეულა,  მათ შორის რუსეთ - თურქეთის ომების დროს, მე - 19 საუკენეში. 1927 წლის რევოლუციის შემდეგ, დიდხანს უმოქმედოდ იყო. ომის დროს აქ 800 - მდე ტაქსონი განადგურდა, მათ შორის - სანერგე მეურნეობაც. ამ ზარალის ანაზღაურებას დღემდე ვცდილობთ, სანერგე მეურნეობის აღდგენის გარეშე ამას ვერ შევძლებთ, ჩვენი ძალებით ამას ვერ მოვახერხებთ, მეცნიერებათა აკადემიის და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერის იმედი მაქვს", - ამბობს გუბაზი.
მისი განმარტებით, ბოტანიკური ბაღს ამ ეტაპზე ხუთი განყოფილება აქვს: ფლორისა და მცენარეების, ინტროდუქციის, მეყვავილეობის, დენდროლოგიის , ასევე მცენარეთა დაცვის.
დღეს აქ ხარობს მარადმწვანე ეგზოტიკური ხეები, ბუჩქები და სხვა მცენარეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print