ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში ჩატარებული არჩევნები და მოსახლეობის აზრი კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით
22 მარტს აფხაზეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.  ასლან ბჟანია, რომელმაც ამომრჩევლების ხმათა 56,5% მიიღო პრეზიდენტი გახდა.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, არჩევნებზე გაცილებით ნაკლები დამკვირვებელი ჩავიდა სოხუმში.

„არსებული სიტუაციის გამო, რესპუბლიკაში ჩვენგან მხოლოდ 8 დამკვირვებელი იყო. მნიშვნელოვანი დარღვევები არც ერთ უბანზე არ დაფიქსირებულა და არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“, - განაცხადა რუსეთის საელჩოს მრჩეველმა მაქსიმ ლიტვინოვმა.

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემზადებიან აფხაზეთში Covid - 19 - ის პრევენციისთვის, არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ისაუბრა.

„ჩვენ მოვამზადეთ 4 სამედიცინო დაწესებულება, გარდა ამისა, საზღვარზე განვათავსეთ დისტანციური თერმომეტრი, შემოვიტანეთ მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა.  გარდა ამისა, უახლოეს დღეებში სოხუმში მრავალჯერადი პირბადეებს კერვას დაიწყებენ. ამ ეტაპზე ბევრია გაკეთებული, ამიტომ, ვფიქრობ, სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ამ დღეებში დეფიციტად ქცეულ ნიღბებს სოხუმის მოდის სახლი შეკერავს, რომელსაც რამდენიმე ათასი პირბადე შეუკვეთეს. დიზაინერის ამინა გამისონიას თქმით, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ, შეკვეთა დროულად შეასრულონ.

„ეს ნიღბები მრავალჯერადია, მათი გარეცხვა ცხელ წყალში შეიძლება, სარეცხის საპნით... ქსოვილს რაც შეეხება, ჩვენს საწყობებში არსებულ მარაგს ვიყენებთ, ასევე რუსეთშიც შევუკვეთეთ“, - განმარტა მან.

მოდის სახლის თანამშრომლები ჟანა და ალიონა ყვებიან, რომ შეკვეთების ნაკლებობას არც ადრე უჩიოდნენ, თუმცა, ახლა მზად არიან მთლიანად ამ საქმიანობაზე გადაერთონ და ამისთვის ძალ - ღონეს არ დაიშურებენ.

-         სამუშაო არც მანამდე გვაკლდა მაგრამ, როდესაც ქვეყანას მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ.

-         რაღაცას დავკარგავთ, თუმცა, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია. მე ორი შვილი მყავს, მათგან ერთი 9 წლისაა და ეს ყველაფერი ძალიან მაღელვებს.  ვფიქრობ, ყველამ უნდა აიღოს თავზე პასუხისმგებლობა.

მოდის სახლი 2-3 დღის განმავლობაში 20 ათასი პირბადის შეკერვას გეგმავს.

რამდენად სწორი იყო აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში არჩევნების ჩატარება, ამაზე მოსახლეობის აზრი იყოფა:

-- რა შუაშია აქ ვირუსი, არის რაღაც პოლიტიკური, ადამიანური საკითხები გადასაწყვეტი და ცხოვრება გრძელდება. ეს თუ ასეთი სტიქიაა, მოდით მაშინ ყველაფერი გავაჩეროთ.

- არა, რა თქმა უნდა არაა არჩევნებისთვის შესაფერისი დრო, რადგან ყველამ იცის, თუ რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით. დაუშვებელია ასეთი ხალხმრავლობა, როგორიც არჩევნებზე იყო.

-- სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, კორონავირუსი რა შუაშია. არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ხალხს მოთმინების ფიალა აევსო.

--  სადმე რაიმე კერა, ან ეპიდაფეთქება იყო ჩვენთან? ასე რომ აგვეკრძალა არჩევნების ჩატარება. იყო რამე ან ახლა არის რამე?

უნდა აღინიშნოს, რომ არც საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს და არც მას შემდეგ,  მოქალაქეების დიდი ნაწილი ვირუსის პრევენციის ზომებს არ მიმართავს და პირბადეებს არ ატარებს.

თუმცა, 22 მარტს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო კორონავირუსის პრევენციის ზომების სათანადოდ გატარება, შესაბამისად სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახური იხსნის პასუხისმგებლობას მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.





























Print