ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსი და საგანგებო მდგომარეობა
აფხაზეთში კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტს საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრები ჩაიკეტა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არ მქონე პირთათვის.

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.  დაწესებული რეგულაციების თანახმად იკრძალება მიტინგების, მასობრივი, კულტურული და საზეიმო, მათ შორის ქორწილების, ასევე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. შეჩერებულია სატრენაჟორო დარბაზების, სტომატოლოგიური კლინიკების,  რესტორნების და კვების სხვა ობიექტების ფუნქციონირება.

ამავე რეგულაციებით, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გამონაკლისს წარმოადგენს ტაქსი.  სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მინისტრთა კაბინეტმა ჩამოაყალიბა ოპერატიული შტაბი, რომელიც უკვე ერთი კვირაა მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას მიმდინარე სიტუაციის შესახებ.
1059fm · ოპერატიული შტაბის განცხადება
„ამ ეტაპზე რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა, გასული დღეს - ღამის განმავლობაში გამოიკვლიეს 9 ადამიანი, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა 5 - მა ადამიანმა. ისინი გამოიკვლიეს, მათ მწვავე რესპირატორული დაავადებები დაუდგინდა, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავდმყოფოში ჯერ არავინ შეუყვანიათ“, - განაცხადა ვალერი ბგანბამ.

მისივე თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელზეც ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 - მდე ზარი შევიდა. ბგანბამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით, დაიცვან საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული წესები და საჭიროების გარეშე არ გავიდნენ სახლებიდან.

29 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით აფხაზეთში შეჩერებულია სასტუმროებსა და სანატორიუმების დაჯავშნა, ტურისტული ჯგუფების მიღება და ექსკურსიების ჩატარება.

დღესდღეობით, სასტუმროებში, რომლებიც ჩვეულებრივ, მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობენ ტურისტებს, მხოლოდ 18 ადამიანია დაბინავებული, რომლებსაც ჯავშნის გახანგრძლივების უფლება არ ექნებათ.

„ამ ეტაპზე სასტუმროებსა და პანსიონატებში 400 ადგილია მომზადებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნდებიან, მათ შორის, ყველაზე მეტი - 217 ნომერი, სოხუმის საკარანტინო ზონაშია, რომელიც სასტუმრო „აიტარშია“ მოწყობილი. მთავრობა  საკარანატინო პუნქტების აფხაზეთის ყველა რაიონში მოწყობას გეგმავს,  - თქვა ბგანბამ.

სოხუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კან კვარჩიამ მოქალაქეებსა და რესპუბლიკის მცხოვრებლებს მოუწოდა დაიცვან ყველა ზომა, იზრუნონ საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე.
1059fm · ოპერატიული შტაბის განცხადება
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ყველაზე მთავარია თვითიზოლაცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პანიკისკენ მოგიწოდებთ, პანიკას არ უნდა ავყვეთ და ცივი გონებით ვიმოქმედოთ“  - განაცხადა მან.

მისი თქმით, მთავრობაში აცნობიერებენ, რომ სამედიცინო და ეკონომიკური რესურსი აფხაზეთში შეზღუდულია, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, რომელმაც შესაძლოა წლევანდელი საკურორტო სეზონიც ჩაშალოს. თუმცა, ამავე განცხადებით, ახლა მათთვის მთავარია, რისკების მაქსიმალურად შემცირება და შეძლებისდაგვარად ინფექციის გავრცელების პრევენცია და შეკავება.

საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში 28 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print