ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რა ზომებს ატარებს სოხუმი აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქირების შემდეგ
აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განკარგულებით, 8 აპრილიდან მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაიკეტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ აღნიშნა, რომ ანალიზზე დადებითი პასუხი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო დღეებში რუსეთიდან, განსაკუთრებით, მოსკოვიდან აფხაზეთში მოქალაქეების დიდი ნაკადი შევიდა.

„ახლა იქ (რუსეთში) ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ძალიან მკაცრი ზომებია გასატარებელი. თავი უნდა შევიკავოთ თავშეყრის ადგილებში მოსვლისგან, სახლიდან მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდეთ, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში“, - განაცხადა ცახნაკიამ.

სოხუმში კორონავირუსის გამო შექმნილი სპეციალური ოპერატიული შტაბის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება Covid 19-ის მასშტაბების შესაძლო გავრცელების შემთხვევაში.  

„დღესდღეობით, გუდაუთის ჰოსპიტალში განთავსებულია 16 - საწოლიანი რეანიმაციის განყოფილება. უახლოეს დროში, საერთო ჯამში, 40 - ზე მეტი ხელოვნური სუნთქვის აპარატი გვექნება. გარდა ამისა, გვაქვს მედიკამენტების და საჭირო აღჭურვილობის მარაგი, 2 კვირიან კურსზე გათვლილი, 100 - მდე პაციენტის სამკურნალოდ“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, 1-2 დღეში ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება მედიკამენტების და აღჭურვილობის დიდ პარტიას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ საერთაშორისო ორგანიზაციების  დახმარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა მზადაა სოხუმს 500 ათასი დოლარი გადაურიცხოს კორონავირუსთან საბრძოლველად.

მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის განცხადებით, აუცილებელია საზღვრებზე, ენგურსა და ფსოუზე, ზომების გამკაცრება, ხოლო ამ პერიოდში შემოსული მოქალაქეების 14 დღიან კარანტინში მოთავსება.

ამჟამად, აფხაზი ექიმები კორონავირუსის პირობებში მკურნალობაზე გადამზადებას გადიან.

„ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ უნდა აიღონ პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გადასაგზავნად. თქვენ იცით, ეს არის PCR დიაგნოსტირება, რომელსაც ვიყენებთ ლაბორატორიაში, დღეს აქ არის მედპერსონალი, რომელიც უკვე ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი ბრიგადები“, - ამბობს ანტივირუსული ლაბორატორიის ხელმძღვანელის ალისა მატუა.  

პერსონალური დაცვის ტრენინგებს მათ სოხუმის მთავარი ექიმი ალა ბელიაევა უტარებს.

გარდა ამ ღონისძიებებისა, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

აფხაზეთში კორონოვირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ინფექცია გაგრის მცხოვრებს დაუდგინდა, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში  მკურნალობს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აფხაზეთში 20  აპრილამდე მოქმედებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print