ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
დისტანციური სწავლების სირთულეები აფხაზეთში
აფხაზეთში სასწავლო პროცესი სკოლებში უკვე ერთი თვეა შეჩერებულია. იმ შემთხვევაში, თუ კარანტინს აპრილის ბოლოს გააუქმებენ, სასწავლო წელი ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ხოლო სწავლა 4 მაისს განახლდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ განაცხადა. სასწავლო პროცესი ასევე შეჩერებულია პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში. კაკობა არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები შევა გამოსაშვები გამოცდების რეგლამენტში. რაც შეეხება, საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, ისინი წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ.

„ჯერჯერობით, ჩვენ დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ რა შეზღუდვები დარჩება, როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში, თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დასრულებისას, ბავშვები და ჩვენი პედაგოგები არ დაზარალდნენ“, - განაცხადა მან.

მარტის ბოლოს განათლების სამინისტროს თანამშრომლები გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ და დისტანციური სწავლების სიტემის დანერგვის შესაძლებლობა განიხილეს. თუმცა, შეხვდრას შედეგი არ მოჰყოლია. კაკობას თქმით, რეგიონის თავისებურებებზე გათვლილი პროგრამის შემუშავებას დრო სჭირდება, გარდა ამისა უნდა გადაამზადონ კადრები.

მანამდე, სამინისტრომ სკოლების დირექტორებს შესთავაზა სოციალურ ქსელებში შექმნან ჯგუფები, სადაც მოსწავლეებს დავალებებს მისცემენ. ეს რჩევა პედაგოგების მხოლოდ მცირე ნაწილმა გაითვალისწინა, სკოლების უმრავლესობა კი ონლაინ სწავლებაზე ვერ გადავიდა. დისტანციური სწავლების ერთ - ერთი პლატფორმის დანერგვა გადაწყვიტა კერძო სკოლა „ალაშარას“ დირექტორმა მარია ფილიამ. მისი თქმით სურვილის და მონდომების შემთვევაში, ეს სავსებით შესაძლებელია.    

„უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავს პედაგოგები, რომელბმაც გამოიჩინეს ინიციატივა, მაგალითად აფხაზური ენის მასწავლებელმა გადაწყვიტა ვიდეოზე ჩაწეროს თავისი გაკვეთილები და ისე მიაწოდოს ბავშვებს და მათ მშობლებს“, - ამბობს ფილია. 

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდეა გამოცხადებული, თუმცა შესაძლოა, ის გახანგრძლივდეს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ჯერჯერობით კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, დიდია Covid 19-ის გავრცელების და ეპიდაფეთქების რისკი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print