ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საგანგებო რეჟიმი და უძრავი ქონების ბაზარი აფხაზეთში
აფხაზეთში კარანტინის რეჟიმი ჯერ არ გაუქმებულა. ექსპერტების შეფასებით, ადგილობრივ ეკონომიკას ყოველდღიურად დაახლოებით, 50 მილიონი რუბლის ოდენობით ზარალი ადგება. 

შეზღუდულია ან შეჩერებულია ბიზნესის 30 - მდე მიმართულების მუშაობა. საკარანტინო რეგულაციების მოქმედების გახანგრძლივების შემთხვევაში, შესაძლოა ტურისტულ სეზონი ჩავარდეს, ეს კი თავის მხრივ, პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზარზე, თვლიან სპეციალისტები.

მიუხედავად საგანგებო რეჟიმისა, ჯერჯერობით ფასები არ გაზრდილა. ყველაზე მაღალი ფასები უძრავ ქონებაზე გაგრასა და სოხუმშია, ხოლო ყველაზე დაბალი - ოჩამჩირესა და ტყვარჩელში.
ადგილობრივი სააგენტოების მონაცემებით, ბინის დაქირავება 13 – 18 ათასი, ხოლო სახლის ან კოტეჯის -  25 ათასამდე რუბლი ჯდება.  ბინის ყიდვა 1- დან 4 მილიონამდე რუბლადაა შესაძლებელი.

ეკონომისტის, „ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ თანამშრომლის, ამრა ცუჟბას  თქმით,  უძრავი ქონების ბაზარი აფხაზეთში პანდემიამდეც საკმაოდ შეზღუდული იყო, ხოლო კრიზისის პირობებში, ფასების მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.
„ამ მოცულობით ბინების მყიდველი აღარ იქნება. არა მგონია, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კრიზისამდელ დონეზე დარჩეს. სავარაუდოდ, ფასები 20% - ით დაიკლებს. შექმნილი სიტუაციის და ფინანსური პრობლემების გამო, ადამიანებს შესაძლოა, უძრავი ქონების გაყიდვაც მოუხდეს, რამაც შეიძლება, გარკვეულწილად, ბაზრის გამოცოცხლებაც  გამოიწვიოს“, - ამბობს ეკონომისტი.

თუმცა, მისი თქმით უკეთესია, თუ მოქალაქეებს, არ მოუწევთ საკუთარი უძრავი ქონების დაბალ ფასად გაყიდვა, შექმნილი ვითარების გამო.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ რა დრომდე გაგრძელდება კარანტინი, ამიტომ, სპეციალისტებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, შედგება თუ არა საკურორტო სეზონი. მიუხედავად ამისა, უძრავი ქონების განცხადებებს შორის, შეხვდებით ისეთებსაც, სადაც ზაფხულის სეზონზე, ტურისტებზე გათვლილი ფასებიც არის მითითებული.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print