ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
აფხაზი ექთანი კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობის შესახებ
შარიდა გიცბა გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ექთანია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს უვლიდა. ამის შემდეგ კი ისევე, როგორც მისი სამი კოლეგა, ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეს. შესაბამისი ზონა სოხუმში, სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი. ამბობს, რომ შიშისა და ოჯახთან განშორების მიუხედავად, არასოდეს უფიქრია უარი ეთქვა მოვალეობის შესრულებაზე."ინფიცირებულები არიან, რა თქმა უნდა მეშინია. ყველას ოჯახებთან განშორება გვიწევს, მე ჩემს შვილს ვერ ვხედავ, მაგრამ იქ წასვლაზე და ჩემი სამუშაოს შესრულებაზე უარს ვერ ვიტყოდი. მუდმივად ვგრძნობდით ჩვენი მთავარი ექიმის მხარდაჭერას, რომელიც სულ გვერდში გვედგა", - ყვება მარტოხელა დედა.

მისი განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სპეცტანსაცმლის, სათვალეების და ნიღბების ტარება უწევთ, მუშაობა და მანიპულაციების შესრულება გაცილებით რთულია. აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალისთვის აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საკმარისი რაოდენობითაა.
"ჩვენ აბსოლუტურად დაცულები ვმუშაობდით, განყოფილებიდან  გამოსვლის შემდეგ დეზინფექცია გვიტარდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ დაგვიტოვებია ინფექციური, მუდმივად შიგნით ვიმყოფებოდით, რა თქმა უნდა გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესია ეს ყველაფერი", -  ამბობს ექთანი.  

ის მოუწოდებს მოსახლეობას, სერიოზულად მოეკიდოს არსებულ მდგომარეობას და დაიცვას რეკომენდაციები.

მორიგეობის დასრულების შემდეგ გუდაუთის საავადმყოფოს მედიკოსების კიდევ ერთი ჯგუფი გადავა 2 კვირიანი თვითიზოლაციის რეჟიმში. აფხაზეთში Covid 19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ამ დროისთვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამო მთავრობამ 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი ივნისის პირველ რიცხვებამდე გახანგრძლივდა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print