ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსის შემთხვევების ზრდა და საკარანტინო ზომების შემსუბუქება აფხაზეთში
აფხაზეთში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 - ით გაიზარდა. თითქმის ყველა ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. ისინი გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსეს. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რუსეთიდან სოხუმში დაბრუნებული სტუდენტები, საზღვრის კვეთის შემდეგ, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც სასტუმრო "აიტარშია" მოწყობილი.  

სასტუმროს დირექტორის თემურ ადლეიბას თქმით, კარანტინში მყოფ პირებს შეუფერხებლად მიეწოდებათ საკვები, ჰიგიენური და სანიტარული ნივთები.„ყველა მუშაობს, მოხალისეებიც, ნორმალურად მიდის ყველაფერი. ორიოდე დღის წინ გვქონდა მცირე შეფერხება, როდესაც მოხალისეთა ერთი ჯგუფი წავიდა და მეორე კი ჯერ არ იყო მოსული. პროდუქტებს ოდნავ დააგვიანდათ. ნათესავები აბარებენ ხოლმე მათ ბევრ რამეს და ეს მოხალისეების მუშაობას ართულებს“, - ამბობს ადლეიბა.

მიუხედავად კორონოვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა, აფხაზეთში საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. განახლდა აგრარული ბაზრების და ტანსაცმლის ბაზრობების მუშაობა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, აღნიშნულ ობიექტებში მომუშავე მოქალაქეებმა ნიღბები და ხელთათმანები უნდა ატარონ. მაგიდებს შორის დისტანციის დაცვით ამოქმედდა საზოგადოებრივი კვების ობიექტები.გარდა ამისა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა.

ფსოუზე საზღვარი ჩაკეტილია, გამონაკლისი დაიშვება დიპლომატებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე აფხაზეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის, ამ უკანასკნელებმა დაბრუნებისთანავე 14 დღიანი თვითიზოლაციის რეჟიმი უნდა გაიარონ.

აღნიშნული ზომები, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე იმოქმედებს.  რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვას ჯანდავის სამინისტროს რეკომენდაციები და თავი შეიკავოს მოგზაურობისგან.„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციაში ინფექციის მზარდი სტატისტიკაა და სიტუაციის სტაბილიზაცია ჯერ არ არის მოსალოდნელი, ვთვლი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ თავი უნდა შაიკავოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გასვლისგან, და ასევე კარგად გააცნობიეროს, რომ ჯერჯერობით, ტურისტებს და სტუმრებს ვერ მივიღებთ“, - განაცხადა სკორიკმა.

კორონავირუსის გამო, დროზე ადრე დასრულდა სასწავლო წელიც, თუმცა, სასწავლო პროცესი ივნისის დასაწყისში ორი კვირით, მხოლოდ გამოსაშვები კლასის მოსწავლეებისთვის განახლდება, რათა მათ გამოცდების ჩაბარება შეძლონ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სპეციალისტები გაეროს ბავშთა ფონდთან ერთად, ონლაინ სწავლების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სკოლებს სექტემბრიდან ისევ დისტანციურ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა.

თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, სოხუმის ქუჩებში ხალხმრავლობა შეიმჩნევა, თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილი, არც ნიღბებს ატარებს და არც ხელთათმანებს. ზოგიერთი მათგანი ვირუსის არსებობასაც უარყოფს და შეთქმულების თეორიებზე საუბრობს.  

ვირუსოლოგი და ინფექციონისტი ალისა მატუა მოსახლეობის ნაწილის მსგავს დამოკიდებულებას აფხაზეთში სერიოზული შემთხვევების არარსებობას უკავშირებს.„ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, ვისაც სჯეროდა ან არ სჯეროდა, თუმცა არის უდავო ფაქტები, როგორ შეიძლება იკამათო იმაზე, რაც აშკარაა. არიან დაინფიცირებული პაციენტები, ლეტალური შემთხვევაც გვაქვს. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ სჯერა, ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის, სამწუხაროდ, ეს შეიძლება საერთო პრობლემად იქცეს, თუკი ასეთები ბევრნი არიან. თუმცა, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რომ დაიჯერონ“, - ამბობს მატუა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ზამთრის პერიოდში აფხაზეთის მოსახლეობამ უკვე გადაიტანა კორონავირუსის მსგავსი ინფექცია და შედეგად, პოპულაციამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშავა. როგორც სპეციალისტი ამბობს, ამის მტკიცება ამ ადამიანებისთვის მხოლოდ სპეციფიური ანტისხეულების ანალიზის ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი. შესაბამის ტესტებს რესპუბლიკაში უახლოეს დროში შემოიტანენ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print