ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორ ჩატარდება გამოსაშვები და მისაღები გამოცდები აფხაზეთში
აფხაზეთში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2 ივნისს აღდგება.  მე - 11 კლასელები გაკვეთილებს ორი კვირის განმავლობაში დაესწრებიან, რომ ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილი გამოცდებისთვის მომზადება მოასწრონ.

განათლების მინისტრის მოადგილის მედეა ჩენგელიას თქმით, გამოსაშვები კლასის მოსწავლეები ორ წერილობით გამოცდას ჩააბარებენ - მშობლიურ ენასა და მათემატიკაში. მან აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან მკაცრად დაიცვან ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციები.
1059fm · მედეა ჩენგელია გამოსაშვებ გამოცდებზე
„ყველა უნდა იყოს ნიღბით, მასწავლებლები, მოსწავლეები, კომისიის წევრები. განთავსდება დეზინფექტორები, ხელების დასამუშავებლად. ამ ყველაფერს აუცილებლად დავიცავთ“, - განმარტა მან.

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, აბიტურიენტებს ხელი შეეშალათ სასკოლო პროგრამის სრულყოფილად ათვისებაში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების გასაუბრებით ჩანაცვლების შესაძლებლობას განიხილავენ. თუმცა, უნივერსიტეტის პრორექტორის ვიქტორ მალანძიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით აგვისტოში, მისაღები გამოცდების მოახლოებასთან ერთად მიიღებენ.

ამავე დროს, უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებისა და დიპლომის დაცვის რეგლამენტზეც მსჯელობენ. პროფესორ - მასწავლებლების უმრავლესობა გამოცდების დისტანციურად ჩატარების წინააღმდეგია.

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია თვლის, რომ გამოცდები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარდეს. ის მიიჩნევს, რომ ამისთვის მათი ვადების გახანგრძლივებაა მიზანშეწონილი.

„ჩვენ გამოვთვალეთ და მაგალითად, დიპლომის დაცვაზე 300 - ზე ნაკლები ადამიანი გავა, პერიოდი კი 25 მაისიდან სექტემბრამდე იქნება, ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე, ჩვენ შევძლებთ გამოსაშვები კამპანიის ჩატარებას ისე, რომ არცერთ შემთხვევაში რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი სტუდენტების და მასწავლებლების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გვარამიამ.

1059fm · ალეკო გვარამიას კომენტარი
ამასთან ერთად, რამდენიმე ფაკულტეტმა უკვე დაიწყო საგამოცდო სესიების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება. ნაწილმა კი გადაწყვიტა, რომ სტუდენტები სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ქულების მიხედვით შეაფასოს.

სახელმწიფო გამოცდების დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციების შესახებ საუბრობს რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკიც. მისი განმარტებით, ყველა სტუდენტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიღბით, ამასთან ერთად, ის თვლის, რომ ხელთათმანების გამოყენება ამ შემთხვევაში არ ღირს, რადგან ადამიანების უმრავლესობა მათ არასწორად იყენებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია.
1059fm · ლუდმილა სკორიკი გამოცდების დროს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებზე
მან აღნიშნა, რომ აუდიტორიაში შესვლამდე ყველა სტუდენტს თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს, ასევე მათ უნდა დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან სოციალური დისტანცია.

„დღესდღეობით ძალინ ბევრი ფორმაა ვირუსის სწორედ, ლატენტური მატარებლობის, ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფობა არანაირად არ ვლიდნება. შესაძლოა გარკვეულ მომენტში ტემპერატურაც ჰქონდეს ადამიანს, თუმცა მან ეს საერთოდ ვერ იგრძნოს“, - თქვა სკორიკმა.

წლევანდელი სასწავლო წელი რთულ გამოცდად იქცა მთლიანად რესპუბლიკის განათლების სისტემისთვის.  როგორც აღმოჩნდა, არცერთი სასწავლო დაწესებულება არ იყო სათანადოდ მომზადებული მსგავსი გამოწვევისთვის. ამიტომ, განათლების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდთან, იუნისეფთან ერთად, ონლაინ სწავლების ახალ პლატფორმაზე მუშაობს, იმ შემთხვევისთვის, თუ სექტემბრიდან სასწავლო წელი ისევ დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

წელს აფხაზეთში სკოლას 1830 მოსწავლე დაამთავრებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print