ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საკარანტინო რეჟიმი, ეპიდსიტუაცია და საზღვაო სეზონი აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო ზომები 15 ივნისამდე გაგრძელდება. ძალაში რჩება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ცოტა ხნის წინ გამართულ თათბირზე განაცხადა. ეპიდსიტუაციაზე საუბრისას, მან საკარანტინო რეჟიმის დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და მკაცრად გააკრიტიკა სასტუმრო „აიტარში“ მყოფი კურსანტები და მაკონტროლებელი ორგანოები.
1059fm · ანქვაბი: საკარანტინო ზომები 15 ივნისამდე გაგრძელდება
ანქვაბის თქმით, მსგავს ქმედებებს შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.

„ჩვენ ვაკეთებთ მინიმუმს, რადგან მაქსიმუმის გასაკეთებლად რესურსი არ გაგვაჩნია, არც მატერიალური და არც ადამიანური. ჩვენ მედიკოსების შეზღუდული რაოდენობა გვყავს, ამ საქმის სპეციალისტები და თითოეული ექიმი ოქროდ ფასობს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტუაციაში ერთი ავადმყოფის ასე გასვლას შესაძლოა 14 მედიკოსის კარანტინში გადაყვანა მოჰყვეს და რა რესურსი უნდა გვქონდეს, რომ ამას გავუძლოთ“, - თქვა ანქვაბმა.

მისი თქმით, რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლებიდან სოხუმში ჩასული სტუდენტების ნაწილის უპასუხისმგებლო საქციელმა გამოიწვია კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.
1059fm · ანქვაბი საკარანტინო რეჟიმის დამრღვევებზე
კოვიდ დადასტურებული პაციენტების უმრავლესობა სწორედ კურსანტები არიან.

ჯანდაცვის სამინისტროს 3 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ 3 კურსანტს დაუდგინდა, რომლებიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობენ. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განცხადებით, სამედიცინო დაწესებულება უახლოეს დროში კომპიუტერული ტომოგრაფით აღიჭურვება.
1059fm · თამაზ ცახნაკიას კომენტარი
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპეციალური ნაგებობის მშენებლობა საავადმყოფოს მიმდებარედ, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფი განთავსდება, რომელიც აუცილებელია რიგი დაავადების, მათ შორის  პნევმონიის დიაგნოსტირებისთვის“, - თქვა ცახნაკიამ.

საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, აფხაზეთში მსჯელობენ იმაზე, საშიშია თუ არა ზღვის წყალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით.  

სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმის ალა ბელიაევას განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი ზღვის წყლით გადაეცემა.  

„ზღვის წყალს თავისთავად შესწევს თვითგაწმენდის უნარი და მხოლოდ ვირუსის მაღალი კონცენტრაციის დროს, თან ისიც მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ ვირუსზე, რომელიც ევოლუციურად ისე ჩამოყალიბდა, რომ შეუძლია ზღვის წყალში არსებობა, შესაძლებელია ვირუსის გავრცელება. საუბარია როტავირუსზე, ადენოვირუსზე... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის უცნობია კორონავირუსის ზღვის წყალში გადაცემის შემთხვევების შესახებ“, - ამბობს ბელიაევა.
1059fm · სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმის ალა ბელიაევას კომენტარი


სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ზღვაში ცურვა უსაფრთხოა თუმცა, საფრთხის შემცველია ზღვის სანაპიროზე დიდი ჯგუფების შეკრება, საგნების ერთმანეთისთვის გადაცემა, სანაპიროზე საკვები მიღება.
1059fm · საშიშია თუ არა ზღვის წყალი - რას ფიქრობს სოხუმის მოსახლეობა


აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 35 - მდე გაიზარდა, 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტია.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print