საზოგადოება
ლონდონი - კალკუტა - ინდოევროპული ტელეგრაფის კვალი სოხუმსა და ზუგდიდში
ინდოევროპული ტელეგრაფი, რომლის ერთი - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი კავკასიაში, კერძოდ საქართველოზე გადიოდა, კომპანია "სიმენსმა" ბრიტანეთის იმპერიის დაკვეთით ააშენა. ლონდონი - კალკუტის სახელწოდებით ცნობილი ხაზი მე - 19 საუკუნის მეორე ნახევარში ინდოეთთან სწრაფი კომუნიკაციის დასამყარებლად შეიქმნა. 

11 000 კილომეტრიანი პირველი ტრანსკონტინენტალური სახმელეთო ხაზი 1870 წელს გაიხსნა და 60 წლის განმავლობაში, 1931 წლამდე ფუნქციონირებდა. მან იმ დროს, 34 სახელმწიფოს ერთმანეთთან დაკავშირება  შეძლო.  

მასშტაბური ხაზის ერთი - ერთი მონაკვეთი აფხაზეთზე გადიოდა. ვერნერ სიმენსმა, კომპანია "სიმენსის" ერთ - ერთმა დამფუძნებელმა, პირადად შემოიარა ყველა რეგიონი, მათ შორის შავიზღვისპირეთი და დაათვალიერა ის ადგილები, სადაც ტელეგრაფის ხაზს უნდა გაევლო. ტელეგრაფის მთავარი სადგური რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ქერჩში მდებარეობდა, დამხმარე სადგურები კი ოდესასა და სოხუმში.

სოხუმი - ინდოევროპული ტელეგრაფისოხუმის ტელეგრაფისა და ფოსტის თანამშრომლები, 1939 წელი

სოხუმის ერთ - ერთ პარკში კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებისას, ტერიტორიაზე თუჯის ბოძების დემონტაჟი დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ისინი ამ ადგილზე, ჯერ კიდევ მე - 19 საუკუნიდან არსებობდნენ და ინდოევროპული ტელეგრაფის ისტორიას ინახავდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ამ ბოძების დიდი ნაწილი დაკარგულია და ნაწილი სოხუმში, ჩოჩუას ქუჩაზე დგას, სადაც იმ დროს ინდოევროპული ტელეგრაფის თანამშრომლები ცხოვრობდნენ. თუმცა, დღეს, იქ მხოლოდ ბეტონით ამოშენებული ღობეა, რომელიც ისტორიულ ფასეულობას არ წარმოადგენს.

პარკში არსებულ ისტორიულ ბოძებს ისე მოხსნიდნენ და გაიტანდნენ შემდგომი უტილიზაციისთვის, რომ ამას ვერავინ გაიგებდა, რომ არა ფეისბუქ მომხმარებლები, რომლებმაც სოციალურ ქსელში გაავრცელეს დემონტირებული ბოძების ფოტოები და განგაში ატეხეს.

ფეისბუქ ჯგუფის "სუხუმსკაია ბესედკას" ადმინისტრატორი არტურ ჩოლაკიანი რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა ბოძებით იშვიათი წარწერით - SIEMENS BROTHERS LONDON და ინდოევროპული ტელეგრაფის ისტორიით.

"მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ბოძებია, რომელთაც სადღაც ეძებენ, თუმცა, როგორ ვიფიქრებდი, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდნენ და ასე მშვიდად წააქცევდნენ. ვიცოდი, რომ პარკ „სკაზკაში“ რეაბილიტაცია დაიწყო და ხეებს ჭრიდნენ. თუმცა, არ მეგონა,რომ ბოძებსაც მიადგებოდნენ... ნაკაწრების მიხედვით ჩანს, რომ რომ ისინი ტექნიკის გამოყენებით აიღეს... რაც ვნახე და რა ფოტოებიც გადავიღე, მგონი, ნამდვილად გადატეხეს, მე ზუსტად იმ დროს ჩავურბინე პარკს, როდესაც მუშაობდნენ, ფოტოები გადავიღე, ერთი ბოძი ნამდვილად  გადატეხილი იყო. აი, ის თუჯის ნაწილი წარწერით SIEMENS BROTHERS... ეს ბოძები 150 წლისაა, თუჯი ხომ ძალიან სათუთი სუბსტანციაა", - ამბობს არტურ ჩოლაკიანი.

ფეისბუქ მომხმარებლის განმარტებით, "ზღაპარი" სოხუმის ცენტრში არსებული ერთადერთი პარკი იყო, რომელიც ომის შემდეგ არ განახლებულა, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადარჩა იქ მე-19 საუკუნეში დამონტაჟებული სიმენსის ბოძები. არტურ ჩოლაკიანი ყვება, რომ პარკში დაახლოებით 30 - მდე ბოძი იდგა. დაახლოებით 20 მანამდე აიღეს, ხოლო დარჩენილების ნაწილი, სავარაუდოდ, დაზიანებულია. როდესაც, სიმენსების შესახებ ინფორმაციას ეცნობოდა, გაარკვია, რომ მსგავს ბოძებს კრასნოდარის მხარეშიც ეძებდნენ და როგორც ახსოვს, მხოლოდ ერთს მიაკვლიეს. ამიტომ, ის თვლის, რომ შესაძლოა, სწორედ სოხუმში დარჩა ამ ბოძების ყველაზე დიდი კოლექცია შავისზღვიპირეთის მასშტაბით, ყირიმიდან თურქეთამდე.

მის მიერ ფეისბუკში გამოქვეყნებულ ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამის შემდეგ კულტურის სამინისტრომაც გააკეთა განცხადება. უკვე ცნობილია, რომ ბოძების უტილიზაცია არ მოხდება. მუნიციპალური კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის საიდ კურ-იფას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება თუ არა სატელეგრაფო ბოძები ძველ ადგილს, ეს დამოკიდებული იქნება რეკონსტრუქციის გეგმაზე, რომელიც, ქალაქის ადმინისტრაციამ შეიმუშავა.

"პარკის დასუფთავება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ტერიტორიაზე არსებული ძველის კონსტრუქციების, სანაგვე ყუთების, სკამების და ამ ბოძების დემონტაჟი მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათ ისტორიული ფასეულობა გააჩნიათ, დემონტირებული ბოძები ადმინისტრაციის საწყობში მოვათავსეთ, დარჩენილებს რაც შეეხება, მათ დემონტაჟსაც მოვახდენთ და ჩვენს ტერიტორიაზე დავალაგებთ, დაზიანებულსაც და მთელსაც, როგორც კი მოვიტანთ, ფოტოებს გადავუღებთ", - თქვა კურ-იფამ.

რუსეთ - თურქეთის ომის დროს  1877 – 78 წლებში სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფის კანტორა დაინგრა, ხოლო ხაზები დაზიანდა. ომის შემდეგ, ხაზებიც აღადგინეს, 1912 წელს  კი ჩოჩუას (ყოფილი კალინინის) ინდოევროპული ტელეგრაფის ახალი კანტორა გახსნეს, ხოლო გვერდით კი ტელეგრაფის თანამშრომლებისთვის ორსართულიანი სახლი ააშენეს. ის დღემდე იქ დგას, როგორც არქიტექტურის ძეგლი.  

2013 წელს, გაგრაში ინდოევროპულ ტელეგრაფს სკულპტურა დაუდგეს. ეს არის სვეტი ნიშნულებით, რომელზეც ტელეგრაფის მარშრუტი და კილომეტრაჟია მითითებული. როგორც ამბობენ, ის ამჟამად ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა.

ზუგდიდი - ინდოევროპული ტელეგრაფი
ფოტოზე: ტელეგრაფის ბოძები დადიანების სასახლის მიმდებარედ

საქართველოში მოგზაურობისას, კომპანია Siemens&Halke - ს  დამფუძნებელი ვერნერ სიმენსი ზუგდიდშიც ჩავიდა და წინასწარ შეისწავლა მშენებლობისთვის გამოსადეგი ადგილები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლაშა ჯიქია თქმით, დადიანების მუზეუმის არქივში შენახული მასალებიდან ირკვევა, რომ ზუგდიდში მან დაახლოებით ორი დღე დაჰყო, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ტელეგრაფის ერთ - ერთი საკვანძო სამშენებლო მიმართულება ზუგდიდშიც შეიქმნება.
"...სწორედ ამის შემდეგ, 1867 წელს კომპანიამ ზუგდიდში თავისი წარმომადგენელი აუგუსტ ბაუმერტი გამოაგზავნა, რომელსაც ახლანდელი წერეთლის ქუჩაზე, მაშინ ეს იყო კორცხელის ქუჩა, მისცეს ხის სახლი და სწორედ იქიდან ხელმძღვანელობდა ის მშენებლობას. სამი წელი მიმდინარეობდა ეს მშენებლობა და უკვე 1870 წელს, ზუგდიდის მონაკვეთი შეუერთდა 11 000 კილომეტრიან ხაზს", - ყვება ლაშა ჯიქია.
ინდოევროპული ტელეგრაფის ხაზის მშენებლები სამეგრელოში აუგუსტ ბაუმერტთან (ცენტრში) ერთად

ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ გაგვიზიარა. მათზე სწორედ ის ჯგუფია გამოსახული, რომელიც  ინდოევროპული ხაზის ზუგდიდის მონაკვეთის მშენებლობაზე იყო დაკავებული.
"ეს ტრასა ზუგდიდზე გადიოდა, მე მაქვს ფოტოები, რომლებზეც სწორედ ის ჯგუფია გამოსახული, რომელიც იმ დროს ამ ხაზის მონტაჟით იყო დაკავებული და ჯგუფის ხელმძღვანელი ბაუმერტი...  ძველ ფოტოებზე ჩანს, რომ ბოძები დადიანების სასახლის ეზოში გადიოდა... ერთ - ერთი ხაზი ახლანდელი აღამშენებლის ქუჩაზე იყო, ბოლო დრომდე იდგა იქ ერთი ბოძი, თუმცა, არ ვიცი, ახლაც იქ არის თუ არა“,  - ამბობს მერიის წარმომადგენელი.
ფოტოზე: ადგილობრივები ტელეგრაფის მშენებლობებზე

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, შემორჩა თუ არა ქალაქის ქუჩებს "სიმენსის" ბოძები. ზუგდიდის კავშირგაბმულობის ყოფილმა უფროსმა გენო შეროზიამ გვითხრა, რომ ინდოევროპული ტელეგრაფის დროინდელი ბოძები ქალაქში აღარ დარჩა, რადგან ისინი გასული საუკუნის 70 - იან წლებში ეტაპობრივად აიღეს. მანვე გვითხრა, რომ ხაზი რუხის გავლით მოდიოდა ზუგდიდის ცენტრალური ტელეგრაფისკენ, შემდეგ მიდიოდა ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურის გავლით, თბილისამდე.
"1970 წლამდე იყო სახაზო მეურნეობა, ტელეგრაფში იყო გამოყენებული, სალაპარაკოებში და საერთოდ, კავშირგაბმულობის სისტემაში იყო საჰაერო ხაზები გამოყენებული, მერე უკვე კაბელი რომ შემოვიდა, მისი აუცილებლობა არ იყო და დემონტირებულ იქნა ეს ხაზები მთლიანად. ვინაიდან ისინი უკვე აღარ იყო აქტუალური, ეს ბოძები დაინგრა და ახალ სისტემაზე გადავიდა კავშირგაბმულობა", - განმარტა გენო შეროზიამ.

თავის დროზე, ძმები სიმენსებით და მათი საქართველოში მოღვაწეობით პროფესორი და ინჟინერი ანდრე კარბელაშვილი დაინტერესდა, გასული საუკუნის 90 -იან წლებში მან გერმანელ ენაზე გამოსცა წიგნი სახელწოდებით "სიმენსები საქართველოში".

უკვე წლებია, სიმენსების შესახებ მასალას აგროვებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, არქეოლოგი და ისტორიკოსი, მანანა მიქაბაძე. მისი ინიციტივით ითარგმნა და გამოიცა ვერნერ ფონ სიმენსის "მოგონებები". წიგნის, ერთი ნაწილი მთლიანად ეძღვნება ინდოევროპული ხაზის კავკასიაში, მათ შორის, სოხუმში მშენებლობას. 

„შავი ზღვის ტერიტორიაზე რომ გაიყვანეს ეს კაბელი, აი, სად გაჟღერდება სოხუმი წიგნში...  ესე იგი ოდესიდან მოდიან და შემოდიან სოხუმში, სახმელეთო გზით გაიყვანეს, შემდეგ დადგნენ პრობლემის წინაშე, სეისმური ზონა აღმოჩნდა კავკასია, არ იცოდნენ ამის შესახებ, მაშინ მოხდა მიწისძვრა და დაეგლიჯათ ეს კაბელები, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ზღვაში ჩაედოთ, ანუ, როგორც სიმენსი წერს, ეს იყო დიდი გაკვეთილი მათთვის ... რაღაც მონაკვეთი იყო შავ ზღვაში, აფხაზეთის გავლით და ნაწილი იყო ზევით ხმელეთზე...“ - გვიყვება მანანა ნიქაბაძე.

სპეციალისტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია სოხუმში შემორჩენილი ინდოევროპული ტელეგრაფის ბოძების იმ სახით შენარჩუნება, როგორც აქამდე მოვიდნენ, რადგან ისინი მატერიალური კულტურის ძეგლებია, რომლებიც გვიყვებიან იმაზე, თუ როგორ შემოდიოდა ევროპა საქართველოში და ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს.

„...ზუსტად იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენამდე მოაღწია რომ შევინახოთ, იქნება იდეალური ვარიანტი. იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, ჩვენ ის შევღებოთ, ფერი აღვადგინოთ, ამისი უფლება, მე თუ მკითხავთ, ერთადერთი ვისაც აქვს, არის ისევ "სიმენსის" კომპანია... და ის, რომ შევინახოთ ისეთ მდგომარეობაში, როგორც აქამდე მოვიდა, ეს არის უკვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ანუ, არა რესტავრაცია რომ მოხდეს, არამედ მისი კონსერვაცია...“, - ამბობს ისტორიკოსი.

მისი თქმით, სიმენსებმა, თავის დროზე, საქართველოში ინდუსტრიულ პროგრესს მისცეს ბიძგი, ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს მათ შესახებ. იმედი აქვს, შეძლებს თავისი იდეის განხორციელებას და შეიქმნება ინდოევროპული ხაზის სიმბოლური მარშრუტი, შესაბამისი ნიშნულებით, რომელიც, მომავალში, შესაძლოა, ტურისტული ღირშესანიშნაობა გახდეს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print