ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორია სოხუმის მაიმუნების სანაშენე დღეს (ფოტო/აუდიო)
გასული საუკუნის 20 - იან წლებში სოხუმი მაიმუნების სანაშენე მეურნეობის მოსაწყობ ადგილად შეარჩიეს. საბჭოთა კავშირის პერიოდში აფრიკაში შეიძინეს ათობით სხვადასხვა პრიმატი, რომელიც 1927 წელს ბათუმიდან ხომალდ "პესტელით" ჩამოიყვანეს. მათგან მხოლოდ ჰამადრილები გადარჩნენ, შეეგუვნენ სოხუმის ჰავას და გამრავლდნენ.

70 - იან წლებში მდინარე გუმისთის გასწვრივ გაშენდა გრძელი ვოლიერები, სადაც 2000 - მდე მაიმუნი მოათავსეს. 1958 წელს, სოხუმში, სანაშენე ბაზაზე, ექსპერიმენტული პათოლიგიისა და თერაპიის ინსტიტუტი შეიქმნა. შემდგომში, ის პრიმატოლოგიის შესწავლის ცენტრად და ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევის ბაზად იქცა. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, 1994 წელს, სანაშენე ბაზაზე მხოლოდ 37 მაიმუნი რჩებოდა. თუმცა, მოგვიანებით, კვლევები ისევ განახლდა. დღეისთვის, ინსტიტუტიც და ბაზაც აღდგენილია, პრიმატების რაოდენობა კი 600 - ს აღწევს.2009 წლიდან ინსტიტუტს ზურაბ მიქვაბია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად ჩაატარეს კვლევები, ყივანახველას წინააღმდეგ ახალი ვაქცინის შესაქმნელად.
1059fm · ზურაბ მიქვაბია ყივანახველას აცრის შესახებ
„...ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინას, რომელსაც დღეს იყენებენ, აქვს გარკვეული ხარვეზები და აღმოჩნდა, რომ ზრდასრული ადამიანები არიან ყივანახველას ინფექციის მატარებლები. ესე იგი, თავად ზრდასრულ ადამიანებში ის შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამ დროს, ისინი ბავშვებისთვის წარმოადგენენ ინფექციის წყაროს“, - ამბობს ზურაბ მიქვაბია.
გარდა ამისა, მისი თქმით, გარკვეულ წარმატებებს ინსტიტუტმა ე.წ. "ახალგაზრდობის ჰორმონის" შექმნაში მიაღწია.
1059fm · ზურაბ მიქვაბია "ახალგაზრდობის ჰორმონზე"
"ჰორმონი დეჰიდროეპიანდროსტერონი ადრე ცნობილი იყო, როგორც გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი და მის მიმართ უკვე მრავალწლიანი ინტერესი არსებობს... იყო მისი ადამიანის ორგანიზმში შეყვანის მცდელობაც, გარკვეული ეფექტიც მიიღეს, თუმცა ჩვენი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი აზრით, სწორედ იმ დოზირებას მივაღწიეთ, რომელიც, შეყვანის შემდეგვე იძლევა შესამჩნევ ეფექტს", - ყვება სპეციალისტი. 

მიქვაბიას თქმით, ამ ნაშრომების შედეგებზე ვენასა და ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე იყო საუბარი, რა დროსაც სოხუმის კვლევითი ინსტიტუტი იყო ნახსენები.
ახლა მაიმუნების სანაშენე ბაზაზე, ისევე როგორც ადრე, ბიუჯეტის შესავსებად ექსკურსიები ტარდება. ზოგჯერ, მაიმუნები ვოლიერებიდანაც იპარებიან და ქალაქში გამოჩნდებიან ხოლმე, თუმცა, როგორც მიქვაბია ამბობს, ისინი ადამიანებს თავს არ ესხმიან, რადგან მოშინაურებულები არიან. დაწესებულების თანამშრომლები, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისგან შეტყობინებას იღებენ, მაიმუნებს ისევ უკან აბრუნებენ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print