ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსის ახალი შემთხვევები აფხაზეთში - საზღვარზე შეზღუდვები ძალაში რჩება

მიმდინარე კვირას აფხაზეთში კორონავირუსი  კიდევ 7 ადამიანს დაუდგინდა, პირველი 2 შემთხვევა კი 22 ივლისს დადასტურდა. ორივე პაციენტი სოხუმის მკვიდრია, რომელიც მანამდე კრასნოდარის მხარეში მკურნალობდა.


ერთ - ერთ მათგანი, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, სოჭის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.კიდევ ხუთ პირი, რომელსაც დღეს დილით დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია, ქალაქის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია. ისინი ინფიცირებული მოქალაქეების კონტაქტები არიან. ხუთივეს შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ, მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.


"ამ ეტაპზე ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი გამოკვლეულია, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათ PCR ტესტირება ჩაუტარდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ პაციენტებისთვის საგანგებო რეჟიმში დახმარების გაწევას, განსაკუთრებული პირობებისა და სანიტარული ნორმების გათვალისწინებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა.
1059fm · თამაზ ცახნაკია ეპიდსიტუაციის შესახებ
მან აქვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევასთან არანაირ კავშირში არ არის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს და „როსპოტრეპნადზორის“ წარმომადგენლების ვიზიტი სოხუმში. მინისტრის განცხადებით, დელეგაცია აფხაზი კოლეგებისთვის კონსულტაციების გასაწევად არის რესპუბლიკაში ჩასული და შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი.

აფხაზეთში Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები ბოლოს ივნისში დაფიქსირდა, სპეციალისტები ახალ შემთხვევებს არ განიხილავენ, როგორც ვირუსის გავრცელების ახალ ტალღას. თუმცა, მეზობელ კრასნოდარის მხარეში, ყოველდღიურად ვლინდება ახალი შემთხვევები და მზარდი სტატისტიკაა. აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან ორი, სწორედ ყუბანიდან არის "იმპორტირებული".

საერთო ჯამში, სპეციალისტების პროგნოზები ოპტიმისტურია. ისინი აცხადებენ, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ, მართვადი.

"არ არის საჭირო სიტუაციის ზედმეტად დრამატიზება, რა თქმა უნდა მისი გამარტივებაც არ ივარგებს და ყურადღების მოდუნება, კორონავირუსს ორი მოკავშირე ჰყავს, პანიკის მთესველები და გულგრილები, ასე რომ ყველაფერი რიგზეა და ასეთი შემთხვევები შეიძლება კიდევ გვქონდეს, არავინაა დაზღვეული... მაგრამ საზღვრის გახსნას რაც შეეხება, აქ უკვე დაფიქრება გვმართებს, კარგად უნდა ავწონ -დავწონოთ ყველაფერი..." , - ამბობს სოხუმის კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვიაჩესლავ აბუხბა.
1059fm · ვიაჩესლავ აბუხბას კომენტარი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოვიდ 19 - ით ინფიცირების ახალი შემთხვევების არ არსებობამ ტურიზმის სფეროს და რესპუბლიკის მცხოვრებლებს რუსეთთან საზღვარზე შეზღუვდების შესუსტების იმედი მისცა. შესაბამისი თხოვნით აფხაზი დეპუტატების ჯგუფმაც მიმართა რუსეთის მთავრობას. პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უწყება სწავლობს ფსოუზე საზღვრის გახსნის შესაძლებლობას.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ეს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print