ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ფსოუზე გახსნილი საზღვარი - სოხუმი ახალი გამოწვევების წინაშე პანდემიის პირობებში
აფხაზურ - რუსული საზღვარი ფსოუზე ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის 1 აგვისტოს გაიხსნა და პირველივე დღე - ღამის განმავლობაში, საკონტროლო - გამშვები პუნქტი 7.5 ათასმა მოქალაქემ გადალახა.

ფსოუზე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში მედიკოსებისა და ოპერატიული შტაბის წევრების საგანგებო თათბირი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საზღვრის ერთბაშად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გახსნა, მოულოდნელი აღმოჩნდა სპეციალისტებისთვის. მანამდე, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ფსოუზე საზღვრის მხოლოდ ეტაპობრივად გახსნის საკითხს განიხილავდა, თუმცა, ამასთან ერთად,მისი წევრები აცხადებდნენ, რომ რესპუბლიკაში შემოსვლის მსურველებმა თან უნდა იქონიონ ცნობა ან კოვიდ პასპორტი.  ახლა რუსეთიდან აფხაზეთში შესვლა, კარანტინში გადასვლისა და შესაბამისი ცნობების წარდგენის გარეშეც შეეძლებათ მოქალაქეებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ალხას კონჯარიას თქმით, ამას შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოჰყვეს, რასაც აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და "დაიხრჩობა".

"ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ გახსნა ასე უეცრად მოხდა, არ იყო შემუშავებული რიგი ეტაპებისა, ახლა კი საზღვარი უბრალოდ მთლიანად გაიხსნა და დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოსვლა", - აღნიშნა კონჯარიამ.

გაგრის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვიაჩესლავ არგუნი დარწმუნებულია, რომ საზღვრის გახსნას დაავადებულთა ნაკადის მკვეთრი ზრდა მოყვება:

"დიდი სიფრთხილეა საჭირო... ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ, ვფიქრობ, მკვეთრად მოიმატებს ავადმყოფების რაოდენობა, საზღვრის უკონტროლოდ კვეთის გამო... ასე რომ, არ არის კარგი სიტუაცია... აი, ახლა ვესაუბრე გუდაუთის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, მათთანაც იზრდება უკვე პაციენტების ნაკადი ... აი, ახლა გვაქვს ეჭვი, 15 ადამიანის ტესტს ველოდებით ორშაბათისთვის, ეს რუსეთიდან ჩამოსული ქალის კონტაქტებია. ის დადიოდა სალონში, სხვადასხვა ადგილებში, იქ დაკეტეს, აქ დაკეტეს... მოკლედ, ძალიან ცუდი სიტუაციაა, უნდა მოვერიდოთ, ეს სერიოზული თემაა, თუმცა, ჩვენი ხალხი ჯერ ვერ აცნობიერებს, მჭიდროდ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, ეს კი ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს" , - ამბობს არგუნი.

აფხაზი მედიკოსები მუდმივად მოუწოდებენ მოქალაქეებს სამედიცინო პირბადეების ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ,ასევე ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდებისკენ, თუმცა, ჯერჯერობით, მოსახლეობა ნაკლებად ითვალისწინებს ამ რეკომენდაციებს.

გუდაუთის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალში ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, მათ შორის არიან მედიკოსებიც, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა კადრების დეფიციტის საკითხი.

გუდაუთის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის მოადგილის ანგელინა ოტირბას თქმით, ამ ეტაპზე მთავარ კოვიდ - მიმღებ სამედიცინო დაწესებულებაში 39 კოვიდ - დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის, 5 ბავშვია.

"შედარებით მძიმე მდგომარეობაშია 5 პაციენტი, თუმცა, მათ არ სჭირდებათ მართვითი სუნთქვის აპარატები,  ორ მათგანს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჟანგბადი. ესენი არიან 50 წელს გადაცილებული პაციენტები, რომელთაც თანმდევი პათოლოგიები აქვთ, გულსისხლძარღვთა და  ენდოკრინული სისტემის დაავადებები", - განაცხადა სპეციალისტმა.

მისი თქმით, ჰოსპიტალს აქვს მედიკამენტების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საკმარისი მარაგი და დამატებითი მოთხოვნის შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ისინი დამატებით იღებენ საჭირო პრეპარატებს. ოტირბამ აღნიშნა, რომ მცირედი შეფერხებების მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო მათ უზრუნველყოფს აუცილებელია აღჭურვილობითა და პრეპარატებით.

თვის ბოლოს, აფხაზეთში რუსი მედიკოსების ბრიგადას ელოდებიან, რომლის შემადგენლობაში რეანიმატოლოგებიც იქნებიან. დღესდღეობით რესპუბლიკა ამ პროფილის სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის.

სირთულეების მიუხედავად, აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაიწყო. ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ტურისტული ობიექტები მზად არიან დამსვენებლების მისაღებად. ამასვე ადასტურებს „როსპოტრებნადზორი“, რომლის სამუშაო ჯგუფი მანამდე ჩავიდა რესპუბლიკაში და აფხაზ კოლეგებთან ერთად, სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების ინსპექცია ჩაატარა.

ფსოუზე საზღვარი რუსეთის ფედერაციამ 1 აგვისტოდან გახსნა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 1 აგვისტოს მოაწერა ხელი. მანამდე, 30 ივლისს, ის მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. კორონავირუსის პანდემიის გამო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული.











Print