ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პანდემიის პირობებში გახსნილი კურორტები - ბიჭვინთა და გაგრა ტურისტებისთვის გაიხსნა

აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვრის გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 1 აგვისტოდან გაგრასა და ბიჭვინთაში პირველი ტურისტები მიიღეს.

მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, გამშვებ პუნქტთან თერმოსკრინიგს უტარებენ.

განსახლებისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსის ნონა ოტირბას თქმით, ისინი დაწესებული სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ.
1059fm · განსახლებისა და დაგეგმვის სამსახურის უფროსი ნონა ოტირბა
"ჩვენ 2 რიცხვში გავიხსენით, პრინციპში 4 - ში ვგეგმავდით, თუმცა დროზე ადრე დავიწყეთ, რადგან მოქალაქეებმა საზღვარი უკვე გადაკვეთეს და რიგში იდგნენ, პრინციპში მზადაც ვიყავით უკვე. ჯერჯერობით, შემოდიან ისინი, ვინც საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდება, თუმცა, ველოდებით, რომ საგზურებიანი ტურისტებიც ჩამოვლენ ერთ - ორ დღეში და ტუროპერატორებიც გაააქტიურებენ ჯავშნებს, ეს ყველაფერი ხომ ფრენებთან იყო დაკავშირებული", - ამბობს ოტირბა.  

მისივე თქმით, ისინი უზრუნველყოფილნი არიან აუცილებელი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით. ასევე, მაგიდებს შორის, დაცულია დისტანცია.

კურორტის მენეჯერის აზამათ ბაგათელიას განმარტებით, სტუმრებისთვის მოწყობილია პარკინგის ადგილები, რათა შეუფერხებლად შეძლონ ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათ, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩამოდის, ადმინისტრაციულ კორპუსში უწევთ შესაბამისი პროცედურების გავლა.
1059fm · კურორტის მენეჯერი აზამათ ბაგათელია
"სტუმრებს თერმოსკრინიგი უტარდებათ, თუკი ტემპერატურის მატება ფიქსირდება, ჩვენს თანამშრომლებს მონაცემები შეაქვთ სარეგისტრაციო ჟურნალში, შემდეგ აცნობებენ მედპერსონალს, რომელიც თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს აწვდის ინფორმაციას", - თქვა ბაგათელიამ.

ბიჭვინთის პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ალინა ბარავკოვას თქმით, მედპუნქტები აღჭურვილია ინდივიდუალური დაცვის და სადეზინფენქციო საშუალებებით.
1059fm · ბიჭვინთის პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ალინა ბარავკოვას კომენტარი
"შეთანხმებული გვაქვს ყველაფერი და ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენი მედიკოსები მაშინათვე გადიან გამოძახებაზე შესაბამისი ეკიპირებით, რომლის უტილიზებას ახდენენ შემდგომ", - განმარტა სპეციალისტმა.

ბიჭვინთის დამსვენებელთა დიდი ნაწილი, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ვირუსისგან დაცვის მიზნით დიდ სიფრთხილეს არ იჩენს. ბევრი მათგანი უნიღბოდაც დადის. არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოს არ სჯერა ვირუსის არსებობის:

"ჩვენ მატარებლით ჩამოვედით, სიცხეს იქაც გვიზომავდნენ, ასევე წნევას და პულსს, ყველგან გვასხურებდნენ ამ სადეზინფექციო საშუალებებს...".

"ეს უბრალოდ ისეთივე გრიპია, როგორც სხვა გრიპები, თუმცა უფრო მეტი გართულება აქვს, მეტი არაფერი".

"ვთვლით, რომ ეს დაავადება საერთოდ არ არსებობს, ჩვენ მთებში ვიყავით "როზა ხუტორზე" და იქ კილომეტრიანი რიგები იდგა. როგორც ხედავთ, ჯანმრთელები ვართ და არ ვახველებთ... ნიღბებიც კი არ გვეკეთა და ყველაფერი კარგადაა, ნორმალურად...".
უფრო ადრე, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაზეთ "იზვესტიესთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "რომ რუსეთთან საზღვრის ხელახლა დაკეტვის საკითხი არ დგას", რადგან მისი აზრით, აფხაზეთში კოვიდ 19 - ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არ არის დაკავშირებული რუსი ტურისტების შემოდინებასთან.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print