ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ინფიცირებულთა გაზრდილი ნაკადი და გუდაუთის საავადმყოფო მოხალისეების დახმარების მოლოდინში
20 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში Covid – 19 კიდევ 221 ადამიანს გამოუვლინდა. ინფორმაციას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მიუხედავად ინფიცირებულთა გაზრდილი ნაკადისა შტაბის ერთ - ერთი წევრი ალხას ჯინჯოლია აცხადებს, რომ მკაცრი ზომების შემოღება ამჯერად არ იგეგმება.
1059fm · ალხას ჯინჯოლია - ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი
"იმ შეზღუდვებთან დაბრუნებას აზრი არ აქვს. დღეს არსებულ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, გახსნილ საზღვარს, ჩვენს ტერიტორიაზე შემოსული ადამიანების დიდ ნაკადს და ახლა უკვე რეალობად ქცეულ საკურორტო სეზონს, მათ შემოღებას აზრი არ აქვს, დაგვიანებული და არასწორი იქნება“, - ამბობს ალხას ჯინჯოლია.

ამასთან ერთად, გუდაუთის საავადმყოფოში ინფიცირებული პაციენტების რიცხვის და უმცროსი სამედიცინო პერსონალის არყოფნის გამო, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას, დახმარების თხოვნით მიმართავს.   უწყების სამკურნალო - პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს უფროსის საიდა დელბას თქმით, საუბარია მოხალისეობრივ დახმარებაზე.
1059fm · პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს უფროსი საიდა დელბა
მან დააზუსტა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დიდი მოთხოვნაა 20 - დან 50 წლამდე ასაკის საშუალო და უმცროსი რგოლის სამედიცინო პერსონალზე. რაც შეეხება დეზინფექტორებს, მისი თქმით,  უფრო სასურველია, მოხალისე - მამაკაცები, რადგან, ეს საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.

მათთვის, ვინ მზადაა ხელშეკრულების საფუძველზე იმუშაოს, გათვალისწინებულია გარკვეული გასამრჯელოც.

1059fm · საიდა დელბა მოხალისეობის პირობებზე
"გასაგებია, რომ მოხალისეობა უანგარო დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ, თუკი ადამიანებს სურთ ჩამოსვლა და დიდი ხნის მანძილზე ვერ იქნებიან ამ საქმიანობით დაკავებულები, შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროსა და მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება და მათი შრომის ანაზღაურება", – განაცხადა საიდა დელბამ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათ ესაჭიროებათ მძღოლები, რომლებსაც საკუთარი ავტომობილები ჰყავთ, ასევე მეეზოვეები, რომლებიც ჰოსპიტალის კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.

ჯანდაცვის განცხადების თანახმად, მსურველებს დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან კვებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
1059fm · ლაურა ხოჯავა - მოხალისე
ლაურა ხოჯავა მოხალისეა და პანდემიის დაწყებიდან სატელეფონო ცხელ ხაზზე მუშაობს ოპერატორად:

"პირველი ტალღა რომ დაიწყო, მაშინ დავთანხმდი და მივიღე ამაში მონაწილეობა, მეორე ტალღის დროს ისევ ჩავერთე ამაში... სწავლა მაინც არ იყო, და ჩემთვის დიდ  სირთულეს არ წარმოადგენდა, რითაც შემეძლო დახმარება, ის გავაკეთე. ზარებს ვღებულობთ, გუშინ სულ ორმა დარეკა, ძირითადად იმის გაგება სურთ, სად შეიძლება ტესტირების ჩატარება. ჩვენ ვიწერთ ამ ადამიანებს მონაცემებს, მოკლე ანამნეზს ვაგროვებთ და ვურჩევთ სანეპიდემსადგურს მიმართონ", - ყვება ის.

მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართ სოხუმელი ახალგაზრდების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ზოგი ამბობს, რომ სიამოვნებით ჩაერთვება, თუკი ამის საჭიროება არსებობს, ნაწილი თვლის, რომ ამ საქმეს მხოლოდ სამედიცინო სფეროში გარკვეული და გამოცდილი ადამიანები უნდა აკეთებდნენ, სხვები კი ამტკიცებენ, რომ სიკეთის კეთება ყოველგვარი ტერმინების გარეშეც შეიძლება:
1059fm · ქუჩის გამოკითხვა - რას ფიქრობენ სოხუმელი ახალგაზრდები მოხალისეობაზე
"- განცხადების შესახებ არ მსმენია, თუმცა, ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებდი და დავთანხმდებოდი,  რადგან აფხაზეთში ყველაზე მეტად ახლაა საჭირო მოხალისეების დახმარება, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყოველგვარი გამორჩენის გარეშე არიან მზად დახმარებისთვის".

" - თუ ქვეყანას ჩემი დახმარება სჭირდება, რატომაც არა".

" - მე რაღაც სხვა სახის დახმარებას გავუწევდი, მაგრამ იქ, ვფიქრობ, შესაბამისი ადამიანები უნდა მუშაობდნენ, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ამ საქმეში ერკვევიან".

" - პირველ რიგში იმაზე დავფიქრდებოდი, რატომ ექიმები არ მიდიან იქ... ჩვენ ხომ გვყავს ექიმები, მათ ხომ აიღეს თავზე პასუხისმგებლობა, ჩააბარეს, მიიღეს განათლება... ჯერ ერთი ვმუშაობ, თუმცა, რომ არ ვმუშაობდე, შესაძლოა წავსულიყავი იქ მოხალისედ".

"- ეპიდემიის დროს, როდესაც ყველა სახლში იყო, ჩვენ წამოვიწყეთ მოხალისეობრივი მოძრაობა, ვეხმარებოდით შეჭირვებულებს, მთელი გულით, ვიკრიბებოდით ახალგაზრდები და ჩვენს რაიონში აქ სოხუმში ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ვეხმარებოდით".

" - მე არ მივესალმები, საერთოდ რას ნიშნავს ეს სიტყვა - მოხალისეობა, რაღაც თუ მაქვს სულში, მე ისედაც გავაკეთებ, რაღაც ამ მოხალისეობრივი ტერმინების გარეშე".


ოპერატიული შტაბის წარმომადგენელი თვლის, რომ ამ ეტაპზე უნდა მოხდეს დაავადებულთა ნაკადის დაყოფა. ალხას ჯინჯოლიას თქმით, გუდაუთის საავადმყოფოში მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა მოათავსონ, შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონეებს მკურნალობის კურსი  სახლში უნდა ჩაუტარდეს.

გარდა ამისა, მისი თქმით, ძალაში რჩება ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ჯინჯოლიას იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინაციაც დაიწყება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print