ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
განახლებული სასწავლო წელი სოხუმში და ახალი რეგულაციები სკოლებისთვის
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 2 სექტემბერს განახლდება. აფხაზეთის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა სკოლებისთვის რეგულაციები შეიმუშავა. რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულებებში 65-ს გადაცილებული მასწავლებლებისთვის ასაკობრივი ცენზის დადგენაა. ეს კი იმას ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პირობებში ამ ასაკს ზემოთ ადამიანები სკოლებში ვერ იმუშავებენ.

გარდა ამისა, ბავშვები კლასებში ისე უნდა გადანაწილდნენ, რომ თითოეულში 25 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ აუცილებელია გაკვეთილების ხანგრძლივობა უფროს კლასებში 35, ხოლო უმცროს კლასებში 30 წუთს არ აღემატებოდეს.

მასწავლებლები და სკოლის დირექტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები რთული შესასრულებელი იქნება, განსაკუთრებით, პირველი პუნქტის. განათლების რაიონული განყოფილების  უფროსის მადინა აშბას თქმით, მასწავლებელთა და პერსონალის ასაკობრივი ცენზის შემოღება კადრების სერიოზულ დეფიციტს გამოიწვევს.

"ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. არა იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით მას, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენს რაიონში კადრების დიდი დეფიციტია. ამ კატეგორიაში63 ადამიანი ექცევა, რომელთა 50 % ქიმიის, ფიზიკის,  საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები არიან, ანუ, სწორედ მათ ნაკლებობას განვიცდით მთელს ქვეყანაში", - ამბობს მადინა აშბა.
1059fm · მადინა აშბა - განათლების რაიონული განყოფილების უფროსი
გარდა ამისა, ის თვლის, რომ 15 წუთიანი შესვენებები არანაირ შედეგს არ გამოიღებს, რადგან მცირერიცხოვანი ტექნიკური პერსონალი ამ დროის განმავლობაში ვერ მოასწრებს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ხოლო ხანგრძლივი შესვენება მხოლოდ გაზრდის, ბავშვებს შორის კონტაქტების შესაძლებლობას.

ყველაზე მრავალრიცხოვანი სოხუმის მე- 10 აფხაზური და მე-2 რუსული სკოლებია, სადაც სასწავლო პროცესი ისედაც ორ ცვლაში მიმდინარეობს და თითოეულ კლასში 40 - მდე ბავშვია. ამ სკოლების ადმინისტრაციებმა უკვე განაცხადეს, რომ კლასების დაყოფის რეკომენდაციას ვერ შეასრულებენ.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ კვირაში იგეგმებოდა, განათლების მინისტრის ინალ გაბლიას მიერ გაცემული ბრძანება იყო, რომლის თანახმად, ეთნიკურად აფხაზ მოსწავლეებს არააფხაზურ სკოლებში სწავლა ეკრძალებოდათ, რამაც აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე პოლემიკა გამოიწვია.

თავად მინისტრმა თავისი გადაწყვეტილება რთულ პერიოდში რუსული სკოლების განტვირთვის სურვილით და მშობლიური ენის განვითარებაზე ზრუნვით ახსნა.

მას შემდეგ, რაც ახალ განკარგულებას უფლებამდაცველები და იურისტები გამოეხმაურნენ, და განაცხადეს, რომ ცვლილება მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას ეწინააღმდეგება, მინისტრმა მალევე გააუქმა ბრძანება.

უფლებადამცველი დალილა ფილია თვლის, რომ ერთი მხრივ, კარგია მსგავსი კანონის არსებობა, ენის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, თუმცა მეორე მხრივ, ბრძანება სრულიად მოუმზადებლად გაიცა.

"იმისთვის, რომ ყველა ეთნიკური აფხაზი, რომელმაც არ იცის მშობლიური ენა აფხაზურ სკოლებში გადავიდეს, გარკვეული მოსამზადებელი პერიოდია საჭირო...პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, საბავშვო ბაღებში უნდა დაიწყოს ენის შესწავლა. თუკი ბავშვი 4-5 წლის ასაკიდან ჩაერთვება ენის შესწავლის ამ სისტემაში,  პირველ კლასში მას ეცოდინება მშობლიური ენა, ჩვენ უნდა ავამაღლოთ პედაგოგების მომზადების დონე", - განაცხადა მან.
1059fm · დალილა ფილიას კომენტარი
ამავე დროს, სოხუმის ერთ - ერთმა სკოლამ უკვე განაცხადა კარანტინის გახანგრძლივების შესახებ, სასწავლო პროცესი იქ 7 სექტემბერს დაიწყება, რადგან სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტესტირების შედეგად კოვიდ - 19 კიდევ ორი სკოლის დირექტორს დაუდგინა.

მიმდინარე სასწავლო წელს სოხუმში 1200 ბავშვი წავიდა პირველ კლასში, აფხაზეთის მასშტაბით კი 3 ათასზე მეტი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.





Print