ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსის ახალი ტალღა აფხაზეთში და პეტიცია შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს, რომელიც ამჟამად კოვიდ მიმღებ მთავარ ცენტრს წარმოადგენს, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადასცეს.

სამედიცინო აღჭურვილობა ჰოსპიტალისთვის აფხაზი ბიზნესმენების მიერ შექმნილმა მოძრაობამ "ჩვენ ერთად ვართ" შეიძინა.

ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ აღნიშნა, რომ "გულმკერდის ორგანოების, განსაკუთრებით ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია ასოცირებული პნევმონიის დიაგნოსტიკის და ინსტრუმენტული კვლევის ძირითადი მეთოდია".

მისი ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი აუცილებელი დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურით.

4 თვეზე მეტია, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან მედიკოსები. ინფექციის ახალი ტალღის შემდეგ, ისინი ვერ უმკლავდებიან დაავადებულთა გაზრდილ ნაკადს. მედპერსონალს, ხშირად მთელი კვირის განმავლობაში უწევს საავადმყოფოში ყოფნა, შემდეგ კი მომავალ ცვლამდე, თვითიზოლაციაში გადასვლა.
1059fm · გუდაუთის საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგი რინელ ქობალია
"პანდემიის დაწყებიდან რეანიმატოლოგები ვმუშაობთ შესაბამისი გრაფიკით, მაგრამ ამ სიტუაციაში, როდესაც მკვეთრად გაიზარდა მძიმე პაციენტების ნაკადი და გართულდა სიტუაცია კოვიდთან დაკავშირებით, კვირაზე მეტხანს გვიწევს მორიგეობა, კადრების არყოფნის გამო, პერსონალი იფიტება, არ გვყოფნის რესურსი, საქმე კი ძალიან ბევრია. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ სანიტრები, ექიმები, ექთნები, ერთმანეთს ვეხმარებით, არარეალური დატვირთვაა, ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ მოერევა", - ყვება გუდაუთის საავადმყოფოს ექიმ- რეანიმატოლოგი რინელ ქობალია.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებენ დააწესონ დამატებითი შეზღუდვები კორონავირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. კერძოდ, შეზღუდონ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, გაამკაცრონ კონტროლი სკოლებსა და ბაღებში, ასევე კვების ობიექტებში.

აფხაზეთში ტრადიციულად გრძელდება ხალხმრავალი ქორწილების გადახდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეების დაინფიცირება, მეტწილად, სწორედ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში ხდება, სადაც ვირუსი ელვის სისწრაფით შეიძლება გავრცელდეს და სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

პეტიციის ერთ - ერთი ხელმომწერის "ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის"თანამშრომლის ლიანა კვარჩელიას თქმით, ზომები, რომლებზეც ისინი საუბრობენ პეტიციაში, სავსებით მისაღებია და მათი მიღება არ არის რთული.
1059fm · ლიანა კვარჩელია - "ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის" თანამშრომელი
"უნდა დაწესდეს შეზღუდვები აფთიაქებში, მაღაზიებში, თავშეყრის ადგილებში... უნდა აიკრძალოს მასობრივი ღონისძიებები, რა არის აქ ისეთი, რაც ვერ შესრულდება ან ძვირი დაჯდება? ჩვენ ვფიქრობთ დროა, რომ დაწესდეს ეს შეზღუდვები, რადგან ვხედავთ, რა სისწრაფით იზრდება დაავადებულთა რიცხვი... რა თქმა უნდა, კოლექტიური იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს, თუმცა სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების პარალელურად, ეტაპობრივად უნდა მოხდეს", - განაცხადა ლიანა კვარჩელიამ.

მისი თქმით, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნამ მოქალაქეთა დიდი რაოდენობის დაინფიცირება გამოიწვია, რასაც მედიკოსები ვერ უმკლავდებიან, ოპერატიული შტაბი კი იძულებულია საზოგადოებას და მოხალისეებს მიმართოს დახმარებისთვის.

ბოლო კვირის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსი 186 ადამიანს დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ყოველ დღე იზრდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print