ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა - სპეციალისტები კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ

აფხაზეთში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 10 სექტემბრის მონაცემებით 557 ადამიანი შეადგინა და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება.

მანამდე, Covid 19-ით გამოწვეული გართულებებისგან მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა.

რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შესაძლოა ხალხმრავალ დაკრძალვებთან იყო დაკავშირებული.
1059fm · აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი
"ჭირისუფალს და ნათესავებს არ აქვთ გაცნობიერებული შემზღუდავი ღონისძიებების მნიშვნელობა... რაკი პროცესიის ჩატარების უფლებას ვაძლევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პარასკევიდან ორშაბათამდე  გრძელდებოდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სანიტარული სამსახურის ცუდ მუშაობაზე. თუმცა, ჩვენ მარტო რას გავხდებით, თუკი თვითონ ნათესავებს არ ესმით, რომ საშიშროებას არა გარდაცვლილი, არამედ, მასთან მანამდე კონტაქტში მყოფი ადამიანები წარმოადგენენ და სწორედ ისინი არიან ინფექციის გამავრცელებლები", - ამბობს სკორიკი.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ხალხმრავალი ღონისძიებების ჩატარება, რადგან აფხაზეთში, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში, სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი და შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდა.

სამოქალაქო აქტივისტებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები და ქალაქებსა და სოფლებში კონტროლი გაამკაცროს. ამასთან დაკავშირებით, მათ პეტიციაც შეიმუშავეს და აღნიშნული მოთხოვნით მთავრობას მიმართეს.
1059fm · ლიანა კვარჩელია - სამოქალაქო აქტივისტი
პეტიციის ერთ ერთი ავტორი სოხუმელი სამოქალაქო აქტივისტი ლიანა კვარჩელია თვლის, რომ შემზღუდავი ზომების დაწესების გარეშე, აფხაზეთში მედიცინის არსებული დონის გათვალისწინებით, ვერაფერს გააწყობენ და არ ღირს იმის ლოდინი, "თუ როდის გამომუშავდება მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტი". ის მიიჩნევს, რომ პარალელურად, რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, რათა შეაკავონ კორონავირუსის გავრცელება.
1059fm · ლიანა კვარჩელია შეზღუდვების დაწესებაზე


"ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ქუჩაში ორი ადამიანი მიდის, მათ აუცილებლად ნიღბები უნდა ეკეთოთ, მაგრამ აფთიაქებში, მაღაზიებში, ადამიანების თავშეყრის ადგილებში ეს აუცილებელია, უნდა აიკრძალოს მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, რა არის აქ ისეთი, რისი შესრულებაც შეუძლებელია", - ამბობს ის.

მისი თქმით, მაშინ როდესაც თავად ოპერატიული შტაბის წარმომადგენლები მიმართავენ მოსახლეობას მოხალისეობრივი დახმარების თხოვნით, რადგან კატასტროფულად არ ჰყოფნით მედიკოსები, აუცილებელია რეგულაციების გამკაცრება.
1059fm · ზომების გამკაცრება არ აისახება უარყოფითად რუსი ტურისტების შემოდინებაზე - კვარჩელია
მან აღნიშნა, რომ მოქალაქეების ნაწილის აზრით, ზომების გამკაცრება უარყოფითად აისახება რუსი ტურისტების შემოდინებაზე, თუმცა ლიანა კვარჩელია თვლის, რომ პირიქით, ტურისტებისთვის უფრო დაცულად იგრძნობენ თავს ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავრობას გათვლილი აქვს რისკები, მოქალაქეები კი სოციალურ დისტანცირებას იცავენ და ნიღბებს ატარებენ.

აღნიშნული პეტიციის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აკრძალონ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, დააწესონ ნიღბების აუცილებელი ტარება და სოციალური დისტანცირება, რეგულარულად ჩაატარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დეზინფექცია. ამ რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მკაცრი სანქციები შემოიღონ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print