ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმში შეზღუდვების ნაწილი ბრუნდება - სკოლებში კარანტინი არ იგეგმება
5 ოქტომბრიდან აფხაზეთში ისევ იგეგმება შეზღუდვების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამის განკარგულებას ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი. აღნიშნული რეგულაციების თანახმად, იკრძალება მასობრივი სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება შენობაში. გამონაკლისი დაიშვება კულტურული დაწესებულებებისთვის, რომელთა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები: გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, დარბაზებში მსხდომ სტუმრებს შორის უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია, შენობებს კი ყოველდღიურად ჩაუტარდეს დეზინფექცია. გარდა ამისა იკრძალება ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარება, ასევე რეკომენდებულია სამგლოვიარო და მემორიალურ ღონისძიებებში მონაწილე პირთა რაოდენობის შეზღუდვა ნებადართულია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, თუმცა აქაც რეკომენდებულია დაცვის საშუალებების გამოყენება.

სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი მოუწოდებს მოსახლეობას ყველა მსგავს ღონისძიებას ნიღბებით დაესწრონ.
1059fm · სოხუმის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი
"განსაკუთრებით მინდა მშობლებს მოვუწოდო, რომ შეუძინონ თავიანთ შვილებს ლამაზი ნიღბები და საკუთარ მაგალითზე უჩვენონ, რომ ნიღბების ტარება ყველგან არის საჭირო", - განაცხადა მან.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, განათლების სამინისტროს ადგილობრივ ადმინისტრაციებთან ერთად ევალება სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირადი დამცავი საშუალებებით, სადეზინფექციო საშუალებებით და თერმომეტრებით უზრუნველყოფა. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ხანდაზმულ ადამიანებში დაავადება შედარებით რთულად მიმდინარეობს, განათლების სამინისტროს დაევალა მოამზადონ დუბლიორი მასწავლებლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ასაკოვანი კოლეგების შეცვლას შეძლებენ.

მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა, ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ სკოლებში კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვითარება სტაბილური და კონტროლირებადია. სოხუმის განათლების განყოფილების უფროსის ასტანდა ტარკილის თქმით, ქალაქის სკოლებში რამდენიმე კლასი გადავიდა კარანტინში სესის რეკომენდაციით.
1059fm · სოხუმის განათლების განყოფილების უფროსის ასტანდა ტარკილი
"ასეთი სურათი გვაქვს მე- 10 საშუალო სკოლაში, ასევე მე - 4 საშუალო სკოლის მე-9 კლასი გადავიდა კარანტინში, ასე რომ, სადღაც 180 ბავშვია თვითიზოლაციაში გადასული დღესდღეობით სოხუმის მასშტაბით. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში უკეთესი სიტუაციაა“, - აღნიშნა ტარკილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბრისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც იზოლირებული ოთახები გაიხსნება, კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა განსათავსებლად. გარდა ამისა, უნდა დასრულდეს საორგანიზაციო - ტექნიკური ღონისძიებები, გუდაუთის საავადმყოფოსთვის ჟანგბადის ცენტრალიზებულად მიწოდების მიზნით. ჯანდაცვის სამინისტროს ევალება მოსახლეობის ინფორმირება გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის შესახებ. სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზური მედიცინა უახლესი ისტორიის მანძილზე ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. რამდენიმე ექიმი, რომელიც კოვიდ - 19 - ით დაინფიცირდა, იძულებული იყო მკურნალობის კურსი რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გაევლო. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა. რომ ეს ჯანდაცვის სამინისტროს არარაციონალური საკადრო პოლიტიკის შედეგია, ახალი კადრების მომზადების თვალსაზრისით.
1059fm · ალექსანდრე ანქვაბის განცხადება
"ჩვენ გავგზავნით ჩვენს შვილებს უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში, თუმცა, მოდით ეს პროფილის გათვალისწინებით გავაკეთოთ, რადგან სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური სამსახურის მომავალი სპეციალისტები ძალიან ცოტა გვყავს, და ასეთი რაოდენობით არათუ პანდემიას და ეპიდემიას, დუნედ მიმდინარე ინფექციასაც კი ვერ გავუწევთ წინააღმდეგობას, მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ შეცვალოს სამედიცინო სპეციალისტების მომზადების პროფილი", - თქვა ანქვაბმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 825 შემთხვევა დადასტურდა, მათგან, გამოჯანმრთელებულია 236, გარდაცვლილია - 7 პაციენტი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print