ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული და განახლებული სასწავლო წელი აფხაზეთში

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი შტაბის ინფორმაციით აფხაზეთში Covid

19 - ით ინფიცირების შემთხვევებმა ათასს გადააჭარბა და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. გუშინ კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა.
მიუხედავად არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, რესპუბლიკის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ქალაქის მე - 6 სკოლის დირექტორს კორონავირუსი დაუდგინდა, ხოლო შემდეგ კი პირველი სკოლის პედაგოგს, რომელიც უფრო გვიან, საქართველოს ერთ - ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, აღნიშნული სკოლის ყველა მასწავლებელს ტესტირება უტარდება, მოსწავლეები კი ორკვირიან კარანტინზე გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორის ნონა დელბას განმარტებით, სკოლაში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, მან მიმართა განათლების მინისტრს და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება კარანტინის შესახებ.
1059fm · პირველი სკოლის დირექტორი ნონა დელბა
"სამწუხაროდ, ზოგიერთი ბავშვი უკვე დაავადებული მოდიოდა. როგორც გაირკვა, მოსწავლეები, რომლებმაც ანალიზები ჩააბარეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის და პასუხებს ელოდებოდნენ, მშობლებმა სკოლაში გამოუშვეს. აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნა და მერე წავიდა ინფექციის ჯაჭვი", - თქვა დელბამ. 

აფხაზეთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. 21 სექტემბრიდან აუდიტორიებში მხოლოდ პირველკურსელები მივლენ. 

ბიო - გეოგრაფიული ფაკულტეტის დეკანის მარინა გოგუას განცხადებით, ინფიცირების რისკების შესამცირებლად, მათ გარკვეული ზომები უკვე მიიღეს.
1059fm · ბიო - გეოგრაფიული ფაკულტეტის დეკანი მარინა გოგუა
"პირველკურსელებისთვის აუდიტორიებში მეცადინეობა ისე დავგეგმეთ, რომ სოციალური დისტანციის დაცვა გახდეს შესაძლებელი, გარდა ამისა, აუდიტორიები მუდმივად ნიავდება და სველი წესით ხდება ოთახების დასუფთავება. ნიღბების ტარება აუცილებელია", - ამბობს გოგუა.

პირველკურსელები გაგებით ეკიდებიან შეზღუდვებს და ოპტიმიზმს არ კარგავენ.
1059fm · პირველკურსელების კომენტარები
სტუდენტი: "პირველის ლექცია ძალიან საინტერესო იყო, სკოლის გაკვეთილებისგან ძალიან განსხვავდება".

ჟურნალისტი: როგორ უყურებთ ნიღბების ტარების აუცილებლობას?

პირველკურსელები : "ძალიან ჩვეულებრივად, თუ საჭიროა, ესე იგი უნდა ვატაროთ".

"მე საერთოდ არ მიძნელდება, მაგრამ, თუ ვირუსი ვრცელდება, მაშინ აუცილებელია".


სასწავლო განრიგში ცვლილებები უფროსკურსელებსაც შეეხებათ, თუმცა მარინა გოგუას თქმით, ის სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება.
1059fm · მარინა გოგუა სტუდენტებზე
"მათ ჩვენ ეტაპობრივად მოვიწვევთ, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელსაც ახლა ვიძენთ... სავარაუდოდ, დავყოფთ მათ მცირერიცხოვან ჯგუფებად, ასევე, შესაძლოა, რიგი საგნისთვის სწავლების დისტანციურ ფორმასაც მივმართოთ, მომდევნო დღეების განმავლობაში სტუდენტებს მივაწვდით ინფორმაციას ამ ცვლილებების შესახებ", - განმარტავს დეკანი.  

მიმდინარე წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების გარეშე 620 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.




 

Print