ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
გაუარესებული ეპიდვითარება და ახალი შეზღუდვები აფხაზეთში
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, სოხუმში 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი, საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა, არ იმუშავებენ თეატრები, ბიბლიოთეკები, კულტურული ცენტრები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები. ასევე აკრძალულია მასაჟის და სპა სალონების ფუნქციონირება. ამ პერიოდში დაიხურება სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები: საბავშვო წრეები, სპორტული, ქორეოგრაფიული, სარეპეტიციო დარბაზები. 

სოხუმის ღია ინსტიტუტში სწავლა აუდიტორიებში, კორონავირუსისგან დაცვის ყველა ზომის გათვალისწინებით გაგრძელდება. სასწავლო დაწესებულება კარანტინზე გადასვლას არ გეგმავს. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა რეჟიმში გაგრძელდება სწავლა.

შეზღუდვების თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დროებით უნდა გაათავისუფლონ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან 60 წელს ზემოთ ასაკის, ასევე ის თანამშრომლები, რომელთაც სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ, ხელფასის სრული ოდენობის შენარჩუნებით. ეს წესები ვრცელდება კომერციულ ორგანიზაციებზეც.

არსებული ეპიდივითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის პარლამენტი გამოდის წინდადებებით, რომ ამ პერიოდში გადავადდეს გადასახადების, ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. ასევე მოიხსნას აკრძალვა პლასტიკური ბარათების გამოყენებაზე. (აგვისტოდან რუსული და აფხაზური პენსიების მიმღებთათვის გაუქმდა საბარათე სისტემა და მათზე თანხა მხოლოდ ბანკის სალაროდან გაიცემა). დეპუტატი ალხაზ ჯინჯოლია თვლის, რომ აუცილებელია მოსახლეობამ ისევ საპენსიო ბარათებით ისარგებლოს, რაც პანდემიის პირობებში, უფრო მიზანშეწონილი იქნება.

აღნიშნული წინადადებები დეპუტატებმა გუდაუთის საავადმყოფოს კოვიდმიმღები ცენტრის დათვალიერების შემდეგ შეიმუშავეს, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ სიტუაციას.

"ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. გასაგებია, რომ პალატებში არ შევსულვართ, თუმცა, გაიმართა შეხვედრა ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან, ექიმებთან... მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია პრობლემების შესახებ. სამედიცინო ნაწილზე უშუალოდ სპეციალისტებმა ისაუბრეს, რომლებიც ახლა ბრძოლის წინა ხაზზე არიან", - თქვა ჯინჯოლიამ.
1059fm · ალხაზ ჯინჯოლია
რეგულაციები დაწესდა საზოგადობრივი ტრანსპორტისთვისაც: ავტობუსების და მიკროავტობუსების სალონებში ადგილების მხოლოდ 50% უნდა შეივსოს. მგზავრებსა და მძღოლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და გამოიყენონ საინტაიზერები. თუმცა, ეს, მხოლოდ რეკომენდაციებია და მათი შეუსრულებლობა სანქციებს არ ითვალისწინებს.

სოხუმის "გაის" (სახელმწიფო ავტოინსპექციის) უფროსის ბატალ აგრბას თქმით, არსებობს რეგლამენტი, მაგრამ, მძღოლები ხშირ შემთხვევაში, არღვევენ მას, ხოლო მგზავრები კი უგულისყუროდ ეკიდებიან ამ რეკომენდაციებს.
1059fm · ბატალ აგრბა
"ჩვენი მიზანია, მოსახლეობამდე მივიტანოთ და ავუხსნათ ყველას , რომ მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადეები, ასევე ხელთათმანები ან იქონიონ სანიტაიზერები, განსაკუთრებით, ავტობუსის, ტროლეიბუსის და სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა", - აღნიშნა მან.

ყველაზე რთული სიტუაცია გაგრის რაიონშია, სადაც საკურორტო სეზონი გრძელდება, მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ზვანბაიას თქმით, აქ ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს მოსახლეობას დამსვენებლებთან, შესაბამისად, ინფიცირების რისკიც უფრო მაღალია. ამასთან ერთად, ადგილობრივები, ხშირ შემთხვევაში მალავენ შეუძლოდ ყოფნის ფაქტებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე თითქმის არ რეკავენ.
1059fm · გენადი ზვანბაია
"რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გაიტესტოს, შემთხვევების გამოსავლენად. არ არის აუცილებელი, რომ სიცხემ აიწიოს 37.5-მდე, დაავადება უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. ადამიანს თუ უნდა, გადაიხდის და გაიტესტება. მეტწილად მალავენ, როდესაც უკვე სუნთქვის უკმარისობა ჩნდება და ადამიანის მდგომარეობა უარესდება, აი, მაშინ მოგვმართავენ. ძალიან ბევრი მალავს, თვითმკურნალობას მიმართავს, ისინი შედიან ინტერნეტში, იქ აღწერილია, რა მედიკამენტები რა ანტიბიოტიკები უნდა მიიღონ და ცდილობენ ინდივიდუალური მკურნალობა ჩაიტარონ", - ამბობს სპეციალისტი.

ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსის 2 500 - ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1100 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა. გუდაუთის კოვიდ- ჰოსპიტალში, ამ ეტაპზე, 168 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 147- ს ვირუსი დაუდასტურდა, 18 მძიმე მდგომარეობაშია.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print