ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნა აფხაზეთში მედიკოსების და მედიკამენტების დეფიციტის ფონზე (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებულ უკვე მოქმედ აკრძალვებს კიდევ რამდენიმე დაემატა - ქალაქის ცენტრალური ბაზარი ამ პერიოდში ახალი გრაფიკით, კვირაში მხოლოდ ორ დღეს იმუშავებს. კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები მიტანის სერვისზე გადადიან. ასევე დროებით შეჩერდება სპა და ფიტნეს ცენტრების ფუნქციონირება.
1059fm · აფხაზეთში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის მტკიცებით, ეპიდვითარება ახალი წლის დღეებში მკვეთრად გაუარესდა. ბოლო 5-6 დღეში, ტესტირებაზე მოსული მოქალაქეების თითქმის მესამედს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდა ამისა, რესპუბლიკაში ვირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, მედპერსონალშიც.
1059fm · ლუდმილა სკორიკი - ეპიდვითარება არასტაბილურია
ლუდმილა სკორიკი ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის მიზეზად დაწესებული რეგულაციების დარღვევას ასახელებს. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია მათ აღსრულებაზე კონტროლის და საჯარიმო სანქციების გამკაცრება.
1059fm · სკორიკი: კვების ობიექტები უნდა გაკონტროლდეს
"მაგალითისთვის, კვების ობიექტების შესასვლელთან სადეზინფექციო დისპანსერის არქონის შემთხვევაში, უნდა დაწესდეს ჯარიმა 50 ათასი რუბლის ოდენობით, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ კვების ობიექტში დასაშვებზე მეტი მაგიდა იქნება განთავსებული, ან დარბაზებში არ ექნებათ ულტრაიისფერი გამწმენდი-რეცირკულატორები, ამ დროის განმავლობაში უნდა ეზრუნათ ამაზე და შეეძინათ", - ამბობს სკორიკი.

ქალაქის მთავარი სანიტარული ექიმი ალა ბელიაევა კი აღნიშნავს, რომ ავტომობილის სანიტარული დამუშავების რეჟიმს, განსაკუთრებით, ახალი წლის დღეებში, სოხუმის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც არღვევდნენ.
1059fm · ალა ბელიაევა: ავტომობილის სანიტარული დამუშავების რეჟიმს ტაქსების მძღოლებიც არღვევდნენ
"მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ  მივიდნენ სადეზინფექციო პუნქტში ავტომობილის დასამუშავებლად, იშვიათად მოდიან, ძირითადად, განრიგით მოძრავი ავტობუსები, ამიტომაც, კარგი იქნება, თუ მძღოლებს დაეკისრებათ ეს ვალდებულება", - თვლის სპეციალისტი.  

მედიკოსები ასევე ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში მოქალაქეების მიერ პირბადეების ტარებაზე უფრო მკაცრი კონტროლი დააწესონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ, იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკაში უკვე შეიქმნა მედიკოსების და მედიკამენტების დეფიციტი.
1059fm · სკორიკი: ეფექტიანი მედიკამენტები სააფთიაქო ქსელებში აღარ არის
"კორონავირუსის მკურნალობისას აუცილებელი ეფექტიანი მედიკამენტები სააფთიაქო ქსელებში უკვე აღარ არის, მათი შოვნა ძალიან ძნელია, დეფიციტის გამო, ბუნებრივია, დაავადების იოლი ფორმების მკურნალობაც შეიძლება გართულდეს", - განმარტავს სკორიკი.

ამ ფონზე განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ მიმართა ოპერატიულ შტაბს, დაწყებითი კლასებსა და საბავშვო ბაღების სასწავლო - სააღმზრდელო პროცესის განახლების თხოვნით. თუმცა მედიკოსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სასწავლო დაწესებულებების გახსნას. მათი თქმით, ბოლო პერიოდში შესამჩნევად იმატა ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა.
1059fm · ბოლო 24 საათში 12 ბავშვი დაინფიცირდა - სკორიკი
"ბოლო 24 საათში კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 12 -ბავშვია. ანუ, ბავშვებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ზეიმებსა და ღონისძიებებში, ბუნებრივია, ჰქონდათ კონტაქტები და ისინი დაინფიცირდნენ", - ადასტურებს სკორიკი.  

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალის მივლინების ვადის ამოწურვის შემდეგ, მთელი დატვირთა სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოს დააწვება.
1059fm · ასტამურ აშუბა: ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მაქსიმუმ 20 ადგილის შექმნას შევძლებთ
"თუკი ისინი მაინც წავლენ, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდით ამას, მაგრამ, ჩვენ მაინც უნდა მოვემზადოთ. ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მაქსიმუმ, 20 ადგილის შექმნას შევძლებთ", - ამბობს სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ასტამურ აშუბა.

ამ დროისათვის, აფხაზეთში კორონავირუსიგან პრეზიდენტი ასლან ბჟანია გამოჯანმრთელდა. პრემიერ - მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა, მოსკოვშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრესსამსახური ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას. ასევე კოვიდდადებითები არიან პარლამენტის სპიკერი, ვალერი კვარჩია და საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, რომლებიც სახლში გადიან მკურნალობის კურსს.

დამატებითი შეზღუდვები აფხაზეთში 13 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print