ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ჩაშლილი დისტანციური სწავლება და აკრძალვების მიუხედავად ჩატარებული გაკვეთილები აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში, კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესი სკოლებში 2020 წლის 15 ოქტომბრიდან არ განახლებულა. სწავლა არც დისტანციურად გაგრძელებულა. ზუმის პლატფორმის გამოყენებით, გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. მშობლების ნაწილმა შვილები გადაიყვანა კერძო სკოლებში რომელთაც, მიუხედავად აკრძალვებისა, სწავლა არ შეუწყვეტიათ.
1059fm · ანტიცა კვიცინია
"უბრალოდ, ჩემი შვილი პირველკლასელია. ის კერძო სკოლა "ალაშარაში" სწავლობს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სკოლაში, დაავადების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, არც მშობლებში, არც ბავშვები, სეს-ის ნორმებს დირექცია მკაცრად იცავს, არც ერთ მშობელს არ უშვებს სკოლის ტერიტორიაზე, 140 - მდე მოსწავლეა", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ანტიცა კვიცინია.

მისი თქმით, საჯარო სკოლების მასწავლებლების ნაწილმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გაკვეთილები რეალურ სივრცეში ჩაეტარებინა, ცალკე ფართი დაიქირავა და გარკვეული სწავლის ქირაც დააწესა. ბევრისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა, თუმცა ანტიცა კვიცინია თვლის, რომ, საშუალო შემოსავლის მქონე მშობლები ამ თანხას ვერ გასწვდებიან.
1059fm · საშუალო შემოსავლის მქონე მშობლები 14-15 ათასს ვერ გადაიხდიან -ანტიცა კვიცინია
"შენობა დაიქირავეს 10 ათასად, არ დავასახელებ სკოლას და მასწავლებლებს, 20 მოსწავლეა დაწყებითი კლასების, რა თქმა უნდა, სწავლის ქირასაც იღებენ, ეს მათი უფლებაა და ახლა ამაზე არ ვიმსჯელებთ, მაგრამ, დაახლოებით, 14 – 15 ათასია ერთ ბავშვზე, მაშინ, როდესაც, საშუალოდ, ხელფასი 12-დან 18 ათასამდეა. მე, მაგალითად, კომერციულ ორგანიზაციაში ვმუშაობ და 19 ათასი მაქვს ხელფასი, მე ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ 14-15 ათასი გადავიხადო ჩემი შვილის სწავლის ქირაში", - ამბობს პირველკლასელის დედა.

აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი აცხადებს, რომ სკოლებში კარანტინი არა მარტო კოვიდის, არამედ სეზონური გრიპის გამოც გაგრძელდა. ლუდმილა სკორკის თქმით, სწორედ იანვარში იმატებს მწვავე რესპირატორული დაავადებების რიცხვი ბავშვებში.
1059fm · ლუდმილა სკორიკი
"ჩვენ სწორედ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ვაკეთებთ ამას, სწორედ ისინი აქვეითებენ ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას", - ამბობს სპეციალისტი.

მშობლების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს შეჩერებული სასწავლო პროცესის გამო, რადგან თვლის, რომ ეს უარყოფითად აისახება მოზარდების აკადემიურ მოსწრებაზე და მათ ჩამორჩენას გამოიწვევს. გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილს, არც ინტერნეტზე მიუწვდება ხელი და არც კომპიუტერებითაა უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით, სოფლებში.
1059fm · მოსწავლის ბაბუა
"ქვეყანაში მატერიალურ ტექნიკური ბაზისთვის არ გვყოფნის ფული, ახლა ამ გლეხმა რა ქნას, რომელიც სამ ქათამს გაყიდის და იქნება ერთ თვეს ეყოს ეს თანხა, მერე რა ქნას? ინტერნეტს უფასოდ ვინ მოგცემს, ჰოდა, უნდა გაზარდოს უცოდინარები, არადა, იქნებ გენიოსი ეზრდება", - ამბობს, ერთ-ერთი მოსწავლის ბაბუა.   

სხვები კი თვლიან, რომ ხელისუფლებამ მოქმედების კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, რადგან, მოსახლეობა სრულ გაურკვევლობაშია და არ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი სკოლებში.
1059fm · უნდა ვიცოდეთ რა ვადებზეა საუბარი - მშობელი
"ხომ არის დროის რაღაც მონაკვეთი, რომელიც საჭიროა, რომ ჩვენ გამოვიდეთ კარანტინიდან. იმის თქმა მინდა, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, მაგრამ, დაახლოებით მაინც უნდა იცოდეს ხალხმა რა ვადებზეა საუბარი, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, რომ რაღაც პერსპექტივა იყოს...", - ამბობს ერთ- ერთი მოსწავლის მამა.  

მშობლების ნაწილი, მზად არის, მხარში ამოუდგეს სკოლებს და ხელი შეუწყოს მათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მკაცრად დაცვაში, ასევე, ერთობლივად განსაზღვროს, თუ რა ფორმით შეიძლება უახლოეს პერიოდში ბავშვების სკოლაში დაბრუნება. ამ წინადადებით გამოვიდა მშობელთა საერთო - ეროვნული კომიტეტი, რომელიც 9 დეკემბერს საგანგებოდ შეიკრიბა.
1059fm · მონა გუმბა
"როგორმე უნდა მოვიფიქროთ სკოლების გახსნის გზები, რადგან ჩვენ მოვაწყეთ ქვეყნის სკოლების რევიზია, მშობლების დახმარებით, და სიტუაცია სავალალოა, იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ყველა მოსწავლეს არა აქვს  ცოდნის მიღების შესაძლებლობა... სამწუხაროდ, ისეთი სკოლებიც არის, სადაც 15 ოქტომბრიდან საერთოდ არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ჩვენ, მშობლები, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, საზოგადოებრიობის ყურადღება მოვიზიდოთ, ასევე დავიცვათ სესის მიერ დაწესებული ყველა ნორმა, რადგან, როგორც ვხედავთ, ამ ციფრს თუ ვერ მოვერიეთ, სკოლებსაც ვერ გავხსნით, ჩვენ ასე გვესმის ეს", - განაცხადა მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე მონა გუმბამ.

მანამდე, განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ, არა ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მოუწოდა მათ, დაეხმარონ შეჭირვებული ოჯახებს და შეუძინონ მათ კომპიუტერული ტექნიკა.  თუმცა, ამ მიმართულებით აქტიურობა ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, აფხაზეთში 10 თებერვლამდეა გაგრძელებული. ამ დრომდე,   სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება აკრძალულია.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print