ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინაციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები - აფხაზეთში "სპუტნიკ V"-ის შემოტანის საკითხი ჯერაც გაურკვეველია (ფოტო/აუდიო)
რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ V"-ის 20 ათასი დოზის შესყიდვა აფხაზეთმა ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვა. დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეარხ "რაშა თუდეისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის პირველ დოზას უკვე თებერვლის პირველ ნახევარში ელოდება. თუმცა, იანვრის ბოლოს, ჯერაც უცნობია, შემოვა თუ არა რესპუბლიკაში რომელიმე ვაქცინა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი რუსი კოლეგებისგან ელოდებიან ინფორმაციას.

მედიკოსები ეჭვობენ, რომ ვაქცინას მარტამდე ვერ მიიღებენ და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ამასობაში, მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტიც ჩამოუყალიბდეს. მათი თქმით, ამაზე ციფრებიც მეტყველებენ - ტესტირებას დღე - ღამეში 500-მდე ადამიანი გადის, ხოლო ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 50-55-ს არ აღემატება და ეს ტენდენცია უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ინფიცირების შემთხვევათა კლების მიუხედავად, საავადმყოფოები ისევ გადატვირთულია. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას თქმით,სამედიცინო დაწესებულებებში ისევ მწვავედ დგას, მედპერსონალის დეფიციტის საკითხი.
1059fm · თამაზ ცახნაკია
"ჩვენ სპეციალისტების მწვავე დეფიციტს განვიცდით, პირველ რიგში ექიმ-რეანიმატოლოგებზეა საუბარი. მინდა ვთქვა, რომ ბოლო დრომდე ჩვენთან ჩამოდიოდნენ ბრიგადები რუსეთის ფედერაციის სამედიცინო დაწესებულებებიდან, სპეციალისტები, მათ შორის, რეანიმატოლოგ - ინფექციონისტები, დეკემბრიდან ფაქტიურად საკუთარი ძალებით ვუმკლავდებით და ეს მნიშვნელოვად დაგვაწვა ტვირთად. სამწუხაროდ, დღედსღეობით ეს ბრიგადები არ გვყავს!", - ამბობს თამაზ ცახნაკია.

ვაქცინაციას, ძირითადად, უფროსი ასაკის ადამიანები ელოდებიან ან ისინი, ვინც უკვე გადაიტანა კორონავირუსი. როგორც ცნობილია, კოვიდგადატანილები ვაქცინაციის პირველ ეტაპში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, ყველა ღონე იხმარონ, რომ არ დაინფიცირდნენ. როგორც ამბობენ, დაავადებით გამოწვეული სირთულეების გადატანას არავის უსურვებენ.
1059fm · კოვიდგადატანილი ქალი
"მე უკვე გადავიტანე კორონავირუსი. ვიცი, რომ ახლა ვაქცინას არ გამიკეთებენ, მაგრამ, ყველას ვურჩევ, ვისაც ვირუსი არ გადაუტანია, უფრო სერიოზულად მოეკიდოს ამ დაავადებას, ეს ძალიან საშიში დაავადებაა, არავის ვუსურვებ მის გადატანას, რაც მე განვიცადე", - ამბობს სოხუმში მცხოვრები ქალი.

ვაქცინაციას განსაკუთრებით ის ადამიანები ემხრობიან, ვისი ოჯახის წევრებსაც შეეყარა ვირუსი. მათ დიდი ძალისხმევის და თანხის დახარჯვა მოუხდათ ნათესავებისა და ახლობლების დასახმარებლად.
1059fm · მინდა ვაქცინაცია მალე დაიწყოს - სოხუმის მკვიდრი
"ძალიან მინდა, რომ აფხაზეთში რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ვაქცინაცია, რადგან ჩემი ოჯახის რამდენიმე წევრი დაინფიცირდა, რა თქმა უნდა, ზოგმა იოლად გადაიტანა, ზოგმა კი ძალიან მძიმე ფორმაში. მე არ შემყრია ვირუსი, თუმცა, ძალიან მეშინია, ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოგვეცემა ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა, ძალიან მინდა ნორმალური, სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვრო და სახლიდან გამოსვლის არ მეშინოდეს", - ამბობს ქალაქის კიდევ ერთი მცხოვრები.

ვაქცინაციას აფხაზეთში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ახალგაზრდების ნაწილს, ბოლომდე შეუსწავლელი ვაქცინის მიერ გამოწვეული შედეგების ეშინია.
1059fm · მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება ნაადრევია - სოხუმის მკვიდრი
"ვაქცინაცია, ალბათ საჭიროა, როდესაც რაღაც ვირუსი ჩნდება, მის საწინააღმდეგოდ უნდა შეიქმნას რაღაც ვაქცინა, თუმცა, დღეის მონაცემებით, აფხაზეთში მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება, ჩემი აზრით, ნაადრევია, რადგან, ეს ვაქცინა ჯერ არ არის კარგად გამოცდილი, ჯერ უცნობია მისი შედეგებიც", - თვლის ახალგაზრდა კაცი.

ზოგიერთი ჯერაც ვერ გარკვეულა, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რადგან არ ფლობს ინფორმაციას, მსოფლიოში შექმნილი არც ერთი ვაქცინის შესახებ. აქედან გამომდინარე, ისინი არცერთ ვაქცინას არ ენდობიან.
1059fm · ვაქცინას არ ვენდობი - სოხუმში მცხოვრები ქალი
"ვაქცინას მე არ გავიკეთებ! არც ჩემი ოჯახის წევრებს მინდა გავუკეთო, მე ხომ არ ვიცი, რამდენად ეფექტურია ის, არც მისი გვერდითი მოვლენების შესახებ არის რაიმე ცნობილი, ვფიქრობ, რომ ის ბოლომდე არ არის გამოცდილი".

აფხაზეთში, მკვეთრად გამოხატული ანტივაქსერული მოძრაობა არ შეიმჩნევა, თუმცა, ბოლო დროს, ზოგადად, იმუნიზაციის დონემ იკლო. ერთი - ერთი საჯარო გამოსვლისას, აფხაზეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლუდმილა სკორიკმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ადამიანები ჩვეულებრივი გრიპის აცრისგანაც იკავებენ თავს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print