ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
გაძვირებული სურსათი და მედიკამენტები აფხაზეთში - როგორ აისახა პანდემია ფასებზე (ფოტო/აუდიო)
პანდემიის შედეგად აფხაზეთში მკვეთრად გაიზარდა ფასები სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის მედიკამენტებზე, განსაკუთრებით იმ პრეპარატებზე, რომლებიც კოვიდის სამკურნალოდ ინიშნება. ფარმაცევტები ამბობენ, რომ 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ისინი ორჯერ გაძვირდა, რაც მათივე თქმით, რუსეთიდან შემოსული პრეპარატების შესასყიდი ფასის ზრდას უკავშირდება.
1059fm · ფარმაცევტი
"რუსეთში ფასი გაიზარდა და შესაბამისად, აქაც მოიმატა, ყველაფერი ხომ იქიდან შემოდის, პრეპარატების ნაწილი რუსეთშიც ევროპიდან შედის", - ამბობს სოხუმის ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელი.

ადგილობრივი მცხოვრებლები კი იმას უჩივიან, რომ მათ აფთიაქებში ყოველდღე სხვადასხვა ფასი ხვდებათ.
1059fm · წამლების ფასი ყოველდღე იზრდება- სოხუმელი ქალი
"წამლების ფასი ფაქტობრივად ყოველდღე იზრდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ვყიდულობ, განსხვავებული ფასია სხვადასხვა აფთიაქში, თან დღითიდღე ძვირდება", - ამბობს ქალაქის მცხოვრები შუა ხნის ქალი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასებმა საგრძნობლად იმატა სურსათზეც, განსაკუთრებით აფხაზეთში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - გაძვირდა ყველი, ხორცი, თხილი და ლობიო.
1059fm · მამაკაცი გაძვირებულ პროდუქტზე
"ადრე ყველი 300 რუბლი ღირდა, ახლა 500 ღირს, ხორცი - 400 რუბლია, კარტოფილიც კი გაძვირდა", - ამბობს სოხუმელი მამაკაცი.  

ფასების ზრდა ყველაზე მძიმედ პენსიონერებს დააწვა. ზოგიერთი მათგანი რუსულ პენსიას იღებს, რაც საშუალოდ, 10 ათას რუბლს შეადგენს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სრულფასოვანი სასურსათო კალათა არც მათთვის არის ხელმისაწვდომი.
1059fm · მამაკაცი რუსული პენსიით
"მე რუსული პენსია მაქვს, თუმცა, ის არ იცვლება, 10 ათასი რუბლია, აი, ახლა მეუღლემ 2 ათასი რუბლის პროდუქტი მოიტანა და ორ დღესაც არ გვყოფნის", - ამბობს აფხაზი პენსიონერი.

ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზურ პენსიას იღებენ, რაც საშუალოდ 1500 რუბლია, შვილების და ნათესავების დახმარების იმედად არიან.
1059fm · ქალი აფხაზური პენსიით
"მე მხოლოდ აფხაზურ პენსიას ვიღებ, რუსული არ მაქვს. პენსიონერებს გვეუბნებიან, მუშაობა არ შეიძლებაო, მაგრამ, როდესაც 500 რუბლი გაქვს პენსია, იძულებული ხარ იმუშაო, რომ წამლები იყიდო, ამიტომ, შვილებიც მეხმარებიან, რძალიც, არ მინდა მათ ხელი შევუშალო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს", - ამბობს პენსიონერი ქალი.

პროდუქტებზე ფასის მატებას ინფლაციით და საბითუმო ბაზარზე საქონლის გაძვირებით ხსნიან ბაზარში მოვაჭრეები, თუმცა, მათი თქმით, ამას პანდემიის გამო დაწესებული მუშაობის გრაფიკიც დაემატა. შეზღუდვების პერიოდში აფხაზეთში ბაზრები კვირაში მხოლოდ სამჯერ მუშაობდა, რამაც დამატებითი პრობლემები შეუქმნა და მწირი შემოსავალი კიდევ უფრო შეუმცირდათ.
1059fm · სოხუმის ბაზრის მოვაჭრე
"რაღაცას გავყიდი, მერე გავრბივარ სახლში, რომ ოჯახი დავაპურო, ბაზარი რომ დახურეს სამი დღით, ადამიანებს გაუჭირდათ ძალიან, იყვნენ ისეთებიც, რომ ამ სამ დღეში ზოგჯერ ვერაფერსაც ვერ გამოიმუშავებდნენ", - ყვება სოხუმის ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე.

პანდემია, მეტნაკლებად, ყველა სფეროზე უარყოფითად აისახა. მოსახლეობის ნაწილმა, საუკეთესო შემთხვევაში, ძველი  შემოსავლის შენარჩუნება შეძლო, თუმცა უმრავლესობას ის შეუმცირდა. უმუშევრობა, ყველაზე ნაკლებად საჯარო მოსამსახურეებს შეეხო,  თუმცა, ისინიც ამ პერიოდში, დანამტებისა და პრემიების გარეშე დარჩნენ.

აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი 15 თებერვლიდან მოიხსნა, ნაწილის მოხსნას  ხელისუფლება 10 მარტიდან გეგმავს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print