ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
განახლებული სასწავლო პროცესი, ამუშავებული რესტორნები და თეატრები - შეზღუდვების შემსუბუქება აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
22 თებერვლიდან აფხაზეთში კიდევ რამდენიმე აკრძალვა მოიხსნა. ამ კვირაში, ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ, სკოლებს დაუბრუნდნენ 5-11 კლასები მოსწავლეები. ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, უმცროსი და უფროსი საფეხურის მოსწავლეები შენობაში სხვადასხვა შესასვლელიდან შედიან. მათ სკოლის ექიმი ან ექთანი მეთვალყურეობს, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ბავშვის იზოლირება ხდება. გარდა ამისა, ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
1059fm · სკოლის ექთანი
"თუკი არის ნიშნები იმისა, რომ ბავშვი გაციებულია, თვალები უცრემლიანდება, მას გავარიდებთ ცალკე ოთახში და შემდეგ ვიძახებთ მშობლებს". 

"ყოველ დღე გაკვეთილების შემდეგ, მერხებს და იატაკებს ვამუშავებთ სადეზინფექციო ხსნარით, რომ ბავშვები დამუშავებულ კლასებში შევიდნენ, ყველფერს ვაკეთებთ ჩვენი ბავშვებისთვის", - ამბობენ სოხუმის მეორე სკოლაში.
1059fm · სოხუმის მეორე სკოლის თანამშრომელი
ვირუსის პრევენციის მიზნით, სკოლების დიდი ნაწილი ორ ცვლაში მუშაობს, მოსწავლეები მერხთან თითო - თითოდ სხედან.

"ჩვენ ოთხი გასახდელი გვაქვს, უფროსკლასელების გასახდელიც ავამოქმედეთ, რომ ბავშვები ნაკლებად გადაიკვეთონ, შესვენებაზე, ამას ვერ ავცდებით რა თქმა უნდა, მაგრამ, ძირითადად, ვცდილობთ ყველა რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ",  - ამბობს ქალაქის მეორე სკოლის დირექტორი ირინა პოვირსკერი.
1059fm · ირინა პოვირსკერი
მოსწავლეების თქმით, საკარანტინო პაუზა იმდენად გაიწელა, რომ ისინი სიხარულით დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში.

"დიახ, ძალიან მენატრებოდა კლასელები, სკოლაც, სწავლაც, იმიტომ, რომ სახლში ძალიან მოვიწყინე, გახარებული ვარ ამ ამბებით".
1059fm · სოხუმელი მოსწავლეები
"მართალი გითხრათ, ძალიან მომენატრა, რადგან ონლაინ - გაკვეთილები იყო და დავალებაც იმაზე მეტი გვქონდა, ვიდრე სკოლაში... მალე გამოცდები გვეწყება და სკოლაში უფრო ადვილი იქნება მომზადება, ვიდრე სახლში".

მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის პირობებში გაკვეთილები ონლაინ - რეჟიმში ტარდებოდა, პედაგოგებმა სასწავლო პროგრამა იმ ადგილიდან განაახლეს, სადაც კარანტინამდე შეჩერდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სკოლაში დაბრუნება ყველაზე მეტად პირველკლასელებს გაუჭირდათ, რადგან სასწავლო წელი მათთვის, ფაქტიურად ახლა დაიწყო.
1059fm · მასწავლებელი
"შევხვდით პატარებს, ზოგიერთი მათგანი ტიროდა კიდეც, უკვე დაავიწყდათ, თუ როგორ უნდა ისხდნენ მერხებთან. მასწავლებლებთან მათი შეხვედრაც საკმაოდ ემოციური იყო. ისეა, თითქოს პირველ სექტემბერია, ჩათვალეთ, რომ სასწავლო პროცესი თავიდან დავიწყეთ",  - ამბობს დაწყებითი კლასის მასწავლებელი.  

სკოლები გარდა ამ კვირაში ამოქმედდა კაფე - რესტორნები, ასევე გაიხსნა კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის რუსული დრამატული თეატრი. მისი გენერალური დირექტორი ირაკლი ხინთბა, რომელიც მანამდეც მოითხოვდა თეატრის გახსნას, ამბობს, რომ ბილეთებზე მოთხოვნა იმაზე მიუთითებს, რომ მაყურებელი დიდი ხანია სპექტაკლებს ელოდება.
1059fm · ირაკლი ხინთბა
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენ ბევრი პრემიერა გვაქვს, ასევე -  მიმდინარე რეპერტუარი. რაც მთავარია, მაყურებლის ინტერესია იმდენად დიდია, რომ თებერვალში ბილეთების გაყიდვების გაზაფხულის დონეს უტოლდება", - აღნიშნა ხინთბამ.

ამ დღეებში, ასევე გაიხსნა სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზი, სადაც უკვე მეორე მეორე გამოფენა იმართება.          

სოხუმის სკოლების განრიგი, ჯერჯერობით, მხოლოდ 10 მარტამდეა გაწერილი, რადგან, შეზღუდვები სწორედ ამ დრომდეა დაწესებული. მათი შემდგომი შემსუბუქების ან გამკაცრების შესახებ მთავრობა გადაწყვეტილებას ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებს.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print