ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ვაქცინაცია ისევ გადაიდო - სოხუმში არ იციან როდის მიიღებენ რუსულ პრეპარატს (ფოტო/აუდიო)
სოხუმში ჯერ არ იციან, თუ როდის მიიღებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას. მანამდე, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენჯერმე დააანონსა ვაქცინაციის დაწყების თარიღი.
1059fm · ასლან ბჟანია
"ჩვენ ველოდებით, რომ ეს იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მოხდება. გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ამ პროცესს, სავარაუდოდ, უკვე თებერვალში დავიწყებთ და ასე, ეტაპობრივად გავაგრძელებთ ჩვენი საჭიროებების საბოლოო რეალიზაციამდე, ანუ, ის, რაზეც სექტემბერში ვსაუბრობდით, დღესაც აქტუალურია და თებერვალში განხორციელდება", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

იმის შესახებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას, "სპუტნიკ ვ"-ს აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით ელოდებიან მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამაც განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პრეპარატის შემოტანა თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში იგეგმება.

"რამდენადაც ვიცი, პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს დროში მივიღებთ ვაქცინას. სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური ვაქცინაციის შესაბამის გრაფიკს ამზადებს. პირველ რიგში ვაქცინაცია მედიკოსებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა ორგანიზაციებს ჩაუტარდებათ", - აღნიშნა მან.

მარტის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსული ვაქცინის შემოტანის თარიღთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ.

ამავე დროს, რესპუბლიკაში შეზღუდვების უმრავლესობა მოხსნილია. მუშაობენ სკოლები, ბაღები, კულტურის დაწესებულებები, რესტორნები, თუმცა, ნიღბების ტარების რეჟიმს მოსახლეობა ნაკლებად იცავს. ჯერჯერობით, ისევ აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, - ქორწილები და სპორტული ღონისძიებები, თუმცა, სარიტუალო ღონისძიებები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ტარდება.  

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ეპიდემიის მეორე ტალღა აფხაზეთში, სპეციალისტებს ჯერჯერობით პასუხი არა აქვთ, თუმცა, ოპერატიული შტაბის მონაცემებით, სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევების მატება არ ფიქსირდება.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული, დაახლოებით, 200 კვლევიდან კორონავირუსით ინფიცირების 15-25 შემთხვევა დასტურდება, თუმცა, ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერჯერობით არ იცვლება, ყოველ დღე 1 ან 2 შემთხვევა ფიქსირდება.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print